ერთი სპექტაკლის ისტორია – დიმიტრი ხვთისიაშვილი

ჯერ კიდევ ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელი, თბილისში ჩამოვედი კუთვნილი შვებულების გასატარებლად. ამ შვებულებას დაემთხვა “დედა-დედოფალის” პრემიერა ერთი მსახიობის თეატრში “ვერიკო”.

სპექტაკლის შემდეგ ტრადიციულად მივულოცე შემოქმედებით ჯგუფს – ქალბატონ სოფიკო ჭიაურელს და ბატონ მურმან ჯინორიას, რეჟისორ თენგიზ კოშკაძეს. თავისთავად მივულოცე ბატონ კოტე მახარაძესაც, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელს. თანაც ეს ხომ პირველი სპექტაკლი იყო, სადაც თავად თეატრის დამაარსებლის გარდა, სხვა მსახიობებიც გამოჩნდნენ, თან პიესით, თან ორნი… ბატონ კოტეს ცოტა ეუცნაურა ჩემი იქ ყოფნა – შენ ზუგდიდში არ ხარო? – შვებულებაში ვარ, გუშინ ჩამოვედი და აი პრემიერაც მოგიძღვნიათ ჩემი ჩამოსვლისთვის მეთქი… ვიხუმრე უკბილოდ. მოკლედ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წამოვედი სახლში. თუმცა იმ პატარა დიალოგში კოტე მახარაძესთან, მას რაღაც უცნაურობა შევამჩნიე, თითქოს რაღაც უნდოდა ეთქვა და თავი შეიკავა.
მეორე დღესვე გაირკვა რომ მართალი ვიყავი. გაისმა სატელეფონო ზარი, ბატონი სოსო ბაკურაძე მირეკავდა – ერთი მსახიობის თეატრის დირექტორი. ბატონი სოსო იმდენად ახლობელი კაცია ჩემთვის მთელი მისი ოჯახით, სხვა დროს არც გამიკვირდებოდა მისი ზარი, თუმცა იმ დღეს ზუსტად მივხვდი რომ რაღაც საკითხს შუამავლობდა.
– დიმა რამდენი ხნით ხარ ჩამოსული?
– ერთი თვით, ბატონო სოსო.
– უი, რა კარგია.
– რა ხდება ბატონო სოსო.
– შეგიძლია დღეს ბატონ კოტესთან რომ შემოიარო? აი სპექტაკლის დროს მარტო იქნება და თავისუფლად დაგელაპარაკება.
– ხომ მშვიდობაა?
– კი, კი… შენ ალბათ იცი, სპექტაკლს ამზადებს სტალინზე, ისიც ხომ იცი მისი მონოსპექტაკლები საავტოროა, თუმცა აქ სჭირდება რეჟისორი და თუ შენ დაგვთანხმდები, იქნებ დაგვეხმარო…
– რას ბრძანებთ ბატონო სოსო, რას ნიშნავს დავთანხმდები? მე მხოლოდ დაგეხმარებით, თუ შევძლებ დახმარებას. ისე კი ესეც დარწმუნებული ვარ, საავტორო სპექტაკლი იქნება. მე რეჟისორი ვერ ვიქნები… უფრო რეჟისორის ასისტენტი…
– ეგ თქვენ თვითონ გაარკვიეთ, მთავარია რომ აქეთ ხარ და დრო გაქვს…
– მოვალ, აუცილებლად.
საღამოს მივედი ფიქრის გორაზე, ბატონი კოტე შემხვდა ისევე თბილად და მეგობრულად როგორც ყოველთვის, წუხანდელი ფორიაქიც აღარ ეტყობოდა. მან უკვე იცოდა რომ მცალია, მზად ვარ გვერდში დგომისთვის და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
– დიმა, მოკლედ გავიჭედე. მასალა არის ძალიან დიდი. თავისთავად ძალიან საინტერესოა, ყველა დოკუმენტი მე თვითონ მოვიძიე, ამიტომაც მიჭირს რაიმესთან შელევა, შენ უნდა დამეხმარო. ცივი გონებით რაც ზედმეტად მოგეჩვენება, პირდაპირ ამოიღე. ამას გარდა, მინდა რაღაც ინსტალაციებიც გამოვიყენო, რაღაც ფორმა მივცე, რომ მარტო თხრობა არ იყოს და ამის ორგანიზებაც მჭირდება.
– კი ბატონო.
– მაშინ ხვალაც სპექტაკლია აქ. ზეგ თავისუფალი დღეა, მოდი ასე 12 საათისთვის, მე ვითამაშებ შენთვის, შენ კი ჩაინიშნე რაც ზედმეტად მოგეჩვენება.
– ასე რატომ უნდა შეწუხდეთ? გამატანეთ ტექსტი და ზეგ შევხვდეთ და მოვილაპარაკოთ.
-ტექსტს კი გაგატან, მაგრამ მე მწერალი ხომ არა ვარ, არტისტი ვარ, რეპეტიცია მაქვს… რეპეტიციის გამო არტისტის შეცოდება ზუგდიდში გასწავლეს? – ეს ბოლო ფრაზა ხუმრობით უკვე მეგრულად მკითხა, იცოდა რა რომ მეც ვფლობდი ამ “დედაენას”…
ორი დღის შემდეგ, ზუსტად 12 საათზე “გამოვიჯგიმე” რეჟისორის სავარძელში და უნდა “ჩავიბარო” სპექტაკლი, თანაც ვისი… ბოლომდე არ მჯეროდა ჩემი ამპლუის. დაახლოვებით 15-20 წუთი ვიბაასეთ. დათომ, თეატრის ადმინისტრატორმა, ყავა მოგვართვა… ცოტა მოთელვა გავაკეთეთ და დავიწყოთო? – მკითხა.
– კი ბატონო.
… და დაიწყო!!! დრო დავინიშნე. 12 საათი და 34 წუთი… დაიწყო… ინფორმაციული ზღვა კი არა, დიდი ოკეანე მოედინება ბატონი კოტეს საოცარი ტემბრით, აზროვნების უნარითა და არტისტულ-ინტელექტუალური “შტურმით” პირველივე წუთებიდან “ალყა შემომარტყა”. ეს არც გამკვირვებია. წინა ოთხივე სპექტაკლი ნანახი მქონდა, ვიცოდი მისი “შესაძლებლობები”. დიდხანს, ძალიან დიდხანს საუბრობდა – უფრო ზუსტად წარმოადგენდა ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლს, მთელი გატაცემითა და ენერგეტიკით. რაღაც მომენტში დიდი პაუზა გააკეთა, ჩამოჯდა, შემომხედა დაღლილი მზერით და მითხრა:
– აქ მთავრდება პირველი მოქმედება.
საათს დავხედე 19 საათი და 27 წუთია. ადამიანი იდგა ჩემს წინ და 6 საათი და 53 წუთი თამაშობდა გაუჩერებლად.
– რას ბრძანებთ ბატონო კოტე… – შევბედე მორიდებით.
– ჰოდა, ამიტომაც დაგიძახე. ამოყარე რაც გინდა, მაქსიმუმ 2 საათზე უნდა დავიყვანოთ პირველი მოქმედება და დაახლოვებით საათნახევარი მეორე… ეგეც ბევრია მაგრამ…
ტექსტი რომელიც ორი დღის წინ არ გამატანა, ახლა მოვთხოვე, ამას წავიღებ და ხვალ რომელ საათზეც მეტყვით მოვალ მეთქი.
– ხვალამდე მოასწრებ? იქნებ ზეგ იყოს?
– არა, ბატონო კოტე, ამას ამაღამვე ჩავუჯდები. სანამ ემოციურად თქვენი ინტონაციებიც მახსოვს უფრო ადვილად ვიმუშავებ…
შევთანხმდით. მეორე დღიდან დავიწყეთ ყოველდღიური შრომა. მართლაც ზღვა მასალა იყო, ისტორიული ექსკურსისთვის ძალიან საინტერესოც, თუმცა რაკი სპექტაკლს ერქვა “აისბერგი თიკუნით – სტალინი” – ყველაფერს შეველიე, რაც უშუალოდ სტალინს არ ეხებოდა. ანუ პიესიდან ამოვყარე ყველა ეპიზოდი ლენინზე, ტროცკიზე, ზინოვიევზე, კამენევზე, მოლოტოვზე, ჟუკოვზე, ხრუშჩოვზე, მალენკოვზე, ბერიაზე… დავტოვე მხოლოდ თემიდან თემაზე გადასასვლელად კავშირები და მათი გადაკვეთები მთავარ პერსონასთან.
ჩემი მოსაზრება რომ გავაცანი, დიდი პაუზა გააკეთა, ჩემს ჩამოწერილ თემებს დიდხანს უყურებდა ფურცელზე და შემდეგ გამომიცხადა:
– სწორი არჩევანი გამიკეთებია. იყოს როგორც შენ ამბობ. სწორია!!! დანიშნე ხვალ რეპეტიცია… შემდეგ რუსულად სტალინის ტონში იუმორით: Распоряжайся!!!
საოცარი იყო ამ ადამიანთან იმ ოცი დღის 24 საათის რეჟიმში გატარება. სპექტაკლი რის ვაი-ვაგლახით დავიყვანეთ სამსაათნახევარზე. სოფიკო ჩუმად მეხვეწებოდა ერთი ნახევარი საათი იქნებ კიდევ მოაკლოთო, ხალხი დაიხოცებაო, მაგრამ მეტს ვეღარაფერს ვაკლებდი.
დაინიშნა პრემიერის დღე. ბევრმა ადამიანმა ისურვა მოსვლა. ის პატარა დარბაზი ამდენ მსურველს ვერ დაიტევდა. სპექტაკლის სიდიდისა და მსახიობის ასაკის გათვალისწინებით, მაქსიმუმ თვეში 4-5 სპექტაკლი გვეთამაშა, მეტი ვერა, თანაც ის წინა სპექტაკლებიც ხომ გადიოდა. ილიაზე და აკაკიზე სკოლებიდან ისეთი მოთხოვნა იყო, სხვა არაფერიც რომ არ ეთამაშათ ყოველდღე 3-3 სეანსი დაჭირდებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მოკლედ აფიშა გამოეკრა თუ არა პრაქტიკულად სეზონის ყველა სპექტაკლი – დაახლოვებით 40-50 სპექტაკლი პირწმინდად გაიყიდა. მაყურებელთა შორის ყველანაირ ადამიანს შეხვდებოდით – მოხუცს, ახალგაზრდას, სტალინისტს, ანტისტალინისტს, პოლიტიკურ ელიტას, ინტელიგენციას, სამღვდელოებას, სტუდენტობას…
იყო შეპარვით დამატებითი სპექტაკლების ჩანიშვნები…
ამდენი შრომის მიუხედავად, ჰოი საოცრებავ, პირველი სპექტაკლი 5 საათნახევარი გაგრძელდა. სოფიკო რადისტის უკან ნერვიულად იდგა, დროდადრო წამჩქმიტავდა – რა ჰქენით ეს, ხოცავთ ხო ხალხს… მაგრამ რას გავაწყობდით. არტისტი სცენაზე იდგა და როცა დასვამდა წერტილს, სპექტაკლიც მაშინ დასრულდებოდა.
ძალიან დაღლილმა, მაგრამ გულწრფელად აღფრთოვანებულმა მაყურებელმა მაინც დიდი ოვაცია მოუწყო არტისტს ღამის 2 საათზე. (დაახლოვებით მაშინ დასრულდა 8 საათზე დაწყებული სპექტაკლი) ყველა ულოცავდა. მოკლედ, ხალხი წავიდ-წამოვიდა, დავრჩით “შინაურები”. სოფიკომ დაიწყო: – რას ერჩოდი ამ ხალხს, მართლა სტალინად იქეცი და ხოცავდი? ბატონ კოტეს ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და გვიპასუხა: – შემდეგი სპექტაკლი იქნება ზუსტად იმ დროში, რაც დავდგით. დღეს შევარდნაძე რომ დავინახე დარბაზში, მაშინ გადავწყვიტე გრძელი ვერსია მეთამაშა. მაგ სისტემამ ხალხი დახოცა და ამათ 6 საათიც არ უნდათ რომ იტანჯონო?
თან ეცინებოდა, თან დაღლილიც იყო… ბატონმა სოსო ბაკურაძემ განტვირთა სიტუაცია – გურულებს რას გაუგებ სოფა, მაგათ თავისი ენა აქვთო.
ეს ამბავი უცებ გამახსენდა – სტალინის სიკვდილის დღეს. ამ დღეს ხომ ყოველთვის ეგ სპექტაკლი იყო ხოლმე დანიშნული.
ვიღაცას დღემდე ხიბლავს სტალინი, ვიღაც მის ფენომენს იკვლევს დღემდე, ვიღაცას ქვეყნად მოვლენილ სატანად მიაჩნია, ვიღაცას მსოფლიოს გადამრჩენელად და უდიდეს პოლიტიკოსად… მე ეს ისტორია სტალინზე არ დამიწერია… დაე გააგრძელონ მისი პიროვნებისა თუ “ჩადენილი საქმეების” კვლევა.
მე ვიხსენებ ქართული თეატრის ერთ-ერთ უდიდეს ინტელექტუალ არტისტს, რომელსაც შეეძლო მარტოს საათობით დაეტყვევებინა მსმენელი, არტისტს, რომელთანაც ღმერთმა მომცა შანსი შემოქმედებითი ურთიერთობისა… არტისტს, რომლის ფასიც და დეფიციტიც რაც დრო გადის უფრო და უფრო შეიგრძნობა არა მხოლოდ თეატრალურ წრეებში, არამედ საზოგადოებაში.
P.S.
ერთ-ერთ ფოტოზე სწორედ “აისბერგი თიკუნით – სტალინი” რეპეტიციაზეა გადაღებული.

გიორგი ხვთისიაშვილი;  სოციალური ქსელი