თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტები ტრენინგებს აშშ-ში გაივლიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 10 დოქტორანტი რვათვიან ტრენინგს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის.

ამის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ჯიბუტმა. ამერიკელმა პარტნიორმა, დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრის ქალთა და ბავშვთა აივ ცენტრის დირექტორმა ჯეკ დეჰოვიცმა ღონისძიებაში მონაწილეობა ონლაინ რეჟიმში მიიღო.

სადოქტორო პროგრამაზე პირველი ნაკადის მიღება მარტიდან დაიწყება. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს მხარეთა თანამშრომლობას პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-სასწავლო პროცესების  ხელშეწყობისა და შემდგომი განვითარების მიზნით.

„მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლის თანახმადაც,  უნივერსიტეტს 4 წლის შემდეგ ეყოლება უმაღლეს დონეზე მომზადებული 10 მეცნიერ-მკვლევარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კერძოდ შიდსის სფეროში და იმპლემენტაციის მეცნიერების დარგში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით მსოფლიოში. ეს დოქტორანტები მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილებას მიიღებენ, იმუშავებენ ამ მიმართულების საუკეთესო ცენტრში. შემდეგ თვითონ ჩამოყალიბდებიან კარგ მასწავლებლებად და სხვებს ასწავლიან, გადასცემენ ცოდნას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

2020 წლის ივნისიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ ახორციელებს აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“.

„ამ პროგრამის თემატური ფოკუსი გახლავთ აივ ინფექცია/ შიდსი და მასთან დაკავშირებული ინფექციები, და ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმპლემენტაციის მეცნიერებას, რომელიც ემსახურება ინოვაციების დანერგვას ჯანდაცვის პოლიტიკის, პროგრამების, ინტერვენციების დონეზე. ინოვაციების დანერგვას სჭირდება იმპლემენტაციის მეცნიერების მეთოდის გამოყენება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც მიიღებენ თსუ დოქტორანტები იმპლემენტაციის მეცნიერებაში,  წარმატებით იქნება გამოყენებული მომავალში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ჯიბუტმა.

პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს აივ/შიდსის სფეროს წამყვანი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და მეცნიერები (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის კვლევითი კავშირი, საერთაშორისო ფონდი კურაციო, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტი); აშშ ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის  დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრის და ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა და ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტი.

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას თქმით, თსუ-ში არსებობს სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეპიდემიოლოგიაში, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი პაატა იმნაძე.

“ამერიკელ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტი ხორციელდება ცალკე, როგორც დამოუკიდებელი ფრაგმენტი. ოთხი წლის შემდგომ ჩვენ არა მხოლოდ   10 კარგად მომზადებული სპეციალისტი გვეყოლება, არამედ მინიმუმ 30 სერიოზული პუბლიკაცია იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. ასე, რომ ეს პროექტი უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.“

პროექტის 2020-2024 წლებში განხორციელდება და მისი მთავარი მიზანია აივ მეურვეობის კასკადის პირველი საფეხურების (ტესტირება, დიაგნოზი, მკურნალობასა და მეურვეობის სისტემაში ჩართვა) გაუმჯობესება, ქართველ მკვლევართა მომავალი თაობის განვითარება ტრენინგის გზით საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის მეცნიერებაში.

პროექტის ორგანიზაციული და ფინანსური ხელშეწყობით პროექტში ჩართული თსუ დოქტორანტები გაივლიან სწავლებას თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. რვა თვის განმავლობაში სტუდენტები ტრენინგს გაივლიან ამერიკის შეერთებულ შტატებში – პირველ ოთხ თვეში დაასრულებენ  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შერჩეულ კურსებს ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში და მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში პრაქტიკულ სტაჟირებას გაივლიან ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში.

 

“ნეტგაზეთი”