“ახალი ღმერთი” – ადამიანებმა ღმერთი “ჩამოვაგდეთ” და კვარცხლბეკზე ახალი ავიყვანეთ – ზურა ოდილავაძე

თუ რამე დადებითი შეიძლება ჰქონდეს ვირუსის ეპიდემიას – ეს არის კაცობრიობის დროებით მაინც გამოფხიზლება ყოველდღიური ფუსფუსით გაშტერებისგან.

შეშინებული ადამიანი იძულებულია, დაფიქრდეს ცხოვრების აზრზე, განგების გარდაუვალობაზე, უკიდეგანო ეგოიზმზე, ბუნებისა და კოსმოსის ძალების წინაშე არარაობასა და ბოლოს და ბოლოს, იმაზე, რომ ამაოდ იჭაჭება…
ყოფის ილუზიის ნარკოზიდან გაღვიძებაში, უპირველესი ადგილი მობილურით გაშტერებისგან გამოსვლას ეკუთვნის. სულ რამდენიმე წელიწადში, ჩვენს თვალწინ მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია – ადამიანებმა ღმერთი ჩამოვაგდეთ და კვარცხლბეკზე ახალი ავიყვანეთ – ინტერნეტი. ამ ღმერთის მობილურ ტელეფონში გადასახლებამ კი რევოლუცია საბოლოდ დაასრულა. ინტერნეტ-ღმერთმა გაიმარჯვა!
დღეს, ჩვენი შვილის საძინებლის კარი, ღამის სამ საათზე რომ შევაღოთ, დიდი ალბათობით, მის ხელში მობილურს დავინახავთ და ის ვიღაცასთან ჟღურტულით იქნება დაკავებული. დავფიქრდეთ: ღამის სამი საათია და საუბარი – სრულიად აუხსნელია, გაუგებარიც – რატომ, რისთვის?! მე მოვლენის შეფასებას არ ვაპირებ, მაგრამ ფაქტია – ეს სულ ხუთი წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო!
ახალი ღმერთის ძალაუფლება განუსაზღვრელია, ის ყველას მბრძანებლობს! მან ძველის თითქმის ყველა ფუნქცია შეითვისა: ის ყოვლისმცოდნეა და ჩვენზე ყველაფერი იცის – გარეგნობა, ხასიათი, მიდრეკილებები თუ ოჯახის შესახებ წვრილმანი დეტალებიც კი!.. მეტიც, ეს ინფორმაცია არა მხოლოდ მან იცის, ის აგრეთვე ხელმისაწვდომია მილიონობით ადამიანისთვის. ვიმეორებ, ეს წარმოუდგენელი იყო სულ რამდენიმე წლის წინ! მოკლედ, ინტერნეტ-ღმერთი: ყოვლისმცოდნეა, ყოვლადმართალი და ყველგანმყოფი – ის გულთამხილველია!
ინტერნეტს სამი ფუნქცია აქვს:

1. ინფორმაციის წყარო – ჩვენ არაფერს აღარ ვიმახსოვრებთ, ამისთვის არის ,,გუგლი“. წიგნი ქრება… ადამიანები ცოდნისგან ვიცლებით და ერთხელაც სრულიად ცარიელები გავიღვიძებთ;
2. ურთიერთობა – ეს გახლავთ ადამიანის უპირველესი მოთხოვნილება!.. ამ თვალსაზრისით, ინტერნეტი თითქოს კარგია… მაგრამ გაუგებარია: 24 საათიანი, ღამის ჩათვლით ურთიერთობა, ასეთი რაოდენობით, თან სრულიად უცნობ ადამიანებთან – კითხვები, კითხვები, კითხვები და არცერთი პასუხი…
3. კოლექტივი – ადამიანის დაუოკებელი სურვილი იყოს სხვებთან ერთობაში, გრძნობდეს კოლექტივის ძალას, იძენდეს მნიშვნელოვნებას, იყოს სხვებისთვის მოსაწონი და ყველაფერში მართალი! კოლექტივის მხარდაჭერაშია, ალბათ, მობილურით გაშეშების ძირითადი მიზეზი…
ასეა თუ ისე, ახალი ღმერთი აზრსა და მიზანს სძენს ჩვენს ცხოვრებას! კარგია ეს თუ ცუდი არ ვიცი…
ახლა კი მთავარი! საფრთხის დროს განსაკუთრებული სიცხადით იგრძნობა ახალი ღმერთის ძველისგან განსხვავება: მართალია, ის ყოვლისმცოდნეა, მაგრამ არ აქვს მოწყალება და ძალა იმისა, რომ გვიხსნას ვირუსისგან – მას არ აქვს სიყვარული და ამიტომ ვერც ადამიანს ექნება მისი სასოება… ამ მხრივ, ინტერნეტ-ღმერთი უძლურია… სუროგატული.
P.S.
რაც შემეხება პირადად მე. არ მსურს უნიფიცირება და მინდა ვიყო განსხვავებული – არ მინდა, ვგავდე მასის მიერ ამოჩემებულ ინტერნეტ- გმირს. მინდა, ვამხილო კოლექტივის დაუნდობლობა, ხანდახან დავცინო კიდეც მის კერპს და მაინც მაღიარონ… მეტიც, ვიყო საყვარელი ერთისთვის და ბევრისთვის – ე.ი. ვიყო ბედნიერი! ვიყო ნორმალური და არანორმალური ერთდროულად.
ზ.ო. – 2020, მარტი

ზურა ოდილავაძე; სოციალური ქსელი