მსოფლიო პანდემიამ და ვაქცინებისთვის გამართულმა რბოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რასაც ქართველი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დიდი ნაწილი 30 წელიწადია ჯიუტად უარყოფს. კერძოდ – საკუთარი, ადგილობრივი, ნაციონალური… გნებავთ, ეროვნული წარმოების აუცილებლობა.
პანდემიამ ობექტურად გაანადგურა 30 წლიანი მითი იმის შესახებ, რომ თუ რომელიმე პროდუქტის წარმოება რომელიმე სხვა ქვეყანაში უფრო იაფი ჯდება, მაშინ ეს პროდუქტი ჯობია იმპორტით შემოვიტანოთ და „იაფად ვიყიდოთ“.
ეს „იაფად ყიდვის“ სატყუარა რომ წმინდა წყლის დემაგოგიაა თუნდაც იქედან ჩანს, რომ ვერავინ ვერასდროს ხსნიდა, რით უნდა იყიდო თუნდაც „იაფი“ პროდუქტი, თუ თავად დოვლათს არ ქმნი, არ აწარმოებ და შესაბამისად, „იაფად საყიდელი“ ფულიც არ გაქვს?
მართალია, ეს არგუმენტი შესაძლოა არაფერს ნიშნავდეს მათთვის, ვისაც „ფულის დეფიციტი“, როგორც ასეთი, არასდროს გამოუცდიათ, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის თავისებურება ისაა, რომ სახეზე გვაქვს არა (იმდენად) ფულის, რამდენადაც საქონლის დეფიციტი, რაც „თავსუფალი ბაზრის“ ფანატიკური ადეპტების ლოგიკით საერთოდ წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო ფულის, საქონლისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების პირობებში. (სხვათა შორის, ეს “თავისუფალი გადაადგილებაც” რომ მითია და როცა სასიცოცხლოდ აუცილებელია, სწორედ მაშინ “ფერხდება”, ჩვენს თვალწინ ესეც კიდევ ერთხელ მტკიცდება, მაგრამ ამაზე სხვა დროს…)
ამასთან, ეს არ არის არც პირველი, და სავარაუდოდ არც უკანასკნელი შემთხვევა – რაც უფრო გაიზრდება მსოფლიოს მოსახლეობა და გამწვავდება ეკოლოგიური გამოწვევები, მით უფრო გახშირდება ამგვარი დეფიციტის ფაქტები. დღეს ეს არის ვაქცინა – ხვალ შეიძლება იყოს სასმელი წყალი, ზეგ – ხორბალი, შემდეგ – შაქარი და ა.შ. და ა.შ.
ისინი, ვინც 90-იანი წლებიდან გვარწმუნებენ რომ ჩვენ არაფერი უნდა ვაწარმოოთ, რადგან ინდოეთში ეს უფრო იაფი ჯდება, „გვამშვიდებენ“ კიდეც იმით, რომ თავისუფალი ვაჭრობა და ბაზარი ადრე თუ გვიან აუცილებლად გააწონასწორებს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს და საბოლოო ჯამში პროდუქტი ყველა გადახდისუნარიან მომხმარებლამდე მივა, თუმცა, ჯერ ერთი, ისევ და ისევ გაუგებარია რა უნდა გადაიხადო, თუ თავად არაფერს ქმნი და არაფერს ყიდი და გარდა ამისა, როდესაც ვლაპარაკობთ დეფიციტზე, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კიდევ ერთ ცვლადს – დროს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ბაზარმა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი „გააწონასწოროს“.
რეალურად, დეფიციტი არასდროს იქმნება ფუფუნების საგნებზე და ისეთ პროდუქციაზე, რომლის შეძენაც არ არის სასწრაფო აუცილებლობა. დეფიციტი როგორც წესი იქმნება სწორედ ისეთ პროდუქტებზე, რომელთა შეძენის დროსაც დრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და ვიდრე ბაზარი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს გააწონასწორებს, პოტენციურ მყიდველს შესაძლოა უკვე მხოლოდ ერთი პროდუქტი ჭირდებოდეს, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, ხის მასალისგან მზადდება.
ზვიად ავალიანი; სოციალური ქსელი