ჩვენ ის ერი ვართ ვეფხისტყაოსანი რომ დავწერეთ და ილია მოვკალით, ჩაკრულო რომ კოსმოსში გავუშვით და ანანურის ციხე-კოშკი რომ ლეკებს ავაღებინეთ, დიდგორი რომ მოვახდინეთ და სპარსეთში„თათრად“ გაზრდილმა კახმა ბატონიშვილა კონსტანტინემ საკუთარი მამა, მეფე ალექსანდრე II და ძმა გიორგი რომ დახოცა;
ჩვენმა თანამემამულემ სტალინმა მსოფლიო რომ ფაშიზმის ურდოებისგან დაიხსნა და ამ დროს ქართველთა ამბიციამ რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთს ჩააბარა, ასი ათასმა მოწამემ რჯული რომ არ დათმო და სიკვდილი არჩია სიცოცხლეს ამის გამო და მარაბდის ბრძოლის გმირი მანუჩარ ათაბაგი რომ ბიძამისმა ბექამ თურქთა შთაგონებით რომ გაიმეტა სასიკვდილოდ და მოწამლა; ღვთისმშობლის წილხვედრობა რომ დავიმსახურეთ და ქართველთა შურმოთნეობით წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე რომ საკუთარი დასმენით ჩავაბარეთ ფაშისტურ „გესტაპოს“; სვეტიცხოვლის ამგებს მარჯვენა რომ მოვკვეთეთ; ექვთიმე რომ ვშვით და მისი წყალობით ეროვნული სიმდიდრე რომ დავუბრუნეთ ქვეყანას და ამ დროს გიორგი სააკაძე რომ გავაქციეთ მშობლიური ქვეყნიდან; ჭადრაკში რომ სამი მსოფლიო ჩემპიონი ქალი გვყავს და მსოფლიო ცივილიზაციას რომ უამრავი სიკეთე გავუკეთეთ, ცოტნემ რომ არნახული, სამაგალითო თავგანწირვის მაგალითი აჩვენა ცივილიზებულ სამყაროს და მირიან მეფისა და ნანა დედოფლის ქრიტიანულ რჯულზე მოქცევა და ქრისტიანული რელიგიის სახელმწიფო რელიგია გამოცხადება…. კიდევ შეიძლება უამრავი მსგავსი სირცხვილისა და სიქველის დეკლარირება, მაგრამ… – დგება ჟამი და ქართველი ივიწყებს ეროვნულ სიკეთეს და მიეცემა სატანის გულის მომგებ ხასიათს და მის თაყვანისცემას, რისთვისაც იგი ეპოქის მსხვერპლი ხდება მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსხვერპლოზე ხშირად იმედის ვარსკვლავიც კი კიაფობს!…
თეიმურაზ კვარაცხელია