გაძაღლებული დამოუკიდებლობა – ოცდაათი წელია გვამცირებდნენ, დღესაც გვამცირებენ და ხვალაც დაგვამცირებენ – ეს თავზე დაჯმის დევ-კაცები! – ზურა ოდილავაძე

მართლაც დიდი ბედნიერებაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველებმა მოვახერხეთ და დედა-სამშობლოს საყრდენი ბოძი – ადამიანი-ძაღლი შევინარჩუნეთ!

დიდება ხერხემალში გადამტვრევის მოცარტებს!
მადლობა წამლისა და იარაღის ჩადების კოპერფილდებს!
ულევი სიყვარული კარის ღრიჭოში თითების მოწეწკვის ბეტჰოვენებს!
განსაკუთრებული მოკრძალება წამლის ბარიგების ,,დაკრიშვისა“ და ახალგაზრდების სუბუტექსით დაპურების ჯვაროსნებს!
დიდი პატივისცემა რიგით სადისტებს ჩვენი მოზარდების სამუდამო დანევროზებისა და ცემაში სულის ამოხდისთვის!
უკიდეგანო მადლიერება ციხის ზედამხედველებსა და ბადრაგებს, რომ ჩვენს შვილებს კამერებში უბრახუნებენ და მზის სინათლეს არ ანახებენ!
მცირე მეტანია დაცვის პოლიციელებს, ,,ხაზეინების“ გაზულუქებული ცხოვრების მოფრთხილებისთვის!
არანაკლებ მოკრძალებული თავის დაკვრა დაცვის ბიჭებს იმისთვის, რომ უფროსის ბრძანებით მოვარდებიან და ჩვენ ან ჩვენს შვილებს თავზე გვიშვებიან – მადლობა თქვენ, ღირსნი ვართ – ოო, რა საამურია ეს სურნელი!
ცალკე მადლობა აქციების დამრბევ, მხუთავი გაზის გამშვებ და თვალის დამთხრელ რობოკოპებს – გვცემეთ, დაგვახრჩვეთ და გვესროლეთ, სახედაფარულო ჰუმანისტებო და უცნობო განმანათლებლებო!
დიდი მეტანია კი, საიდუმლო ფრონტის რაინდებს, რომ გვითვალთვალებენ, გვისმენენ და ტიტლიკანებს გვიღებენ!
დაბოლოს, მიწაზე ხოხვით უმდაბლესი სალამი ცემით ჩვენებების მიღების, საქმეების შეკერვისა და ,,სროკზე“ გაშვებისთვის გამომძიებლებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს – ერთი სიტყვით, ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს!
დიდება თქვენ, სიყვარულით დამდნარო, განღმრთობილო ძაღლებო, დიდება!
… და ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯზე, ჩვენი ჯიბიდან, ჩვენი ხელფასებით… თუმცა, ჩვენივე კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის – აბა, რა!
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერმა დამოუკიდებლობა ძაღლებისთვის მოვიპოვეთ – ამხელა მსხვერპლი იმისთვის გავიღეთ, რომ ივერიაში მხოლოდ და მხოლოდ მათ იცხოვრონ მსუქნად და ბოზებშიც იარონ… ჰო, ცოლ-შვილი არ დამავიწყდეს: მეუღლეებს – დიდი ჯიპები, ნაბარტყს – დასავლური განათლება!
მოკლედ, უდიდესი მადლობა ძაღლებს, რომ სიღატაკეში ცხოვრებას არ გვაცლიან, შიმშილზე კონცენტრაციის საშუალებას არ გვაძლევენ და დამატებით, სადაც დაგვიჭერენ, იქ … გვიბრაგუნებენ და თავსა და ყბას გვიერთიანებენ!
მადლობა თქვენ, სიღარიბის ჰიპოკრატებო, ჩვენზე ზრუნვისთვის, მადლობა!
მართლაც დიდი ბედნიერებაა, მოესწრო იმას, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს, დამოუკიდებელი ძაღლები თავისუფალ მოქალაქეებს როგორც სურთ, ისე გვხმარობენ!
ოცდაათი წელია: გვამცირებდნენ, დღესაც გვამცირებენ და ხვალაც დაგვამცირებენ – ეს თავზე დაჯმის დევ-კაცები!
P.S.
არადა, მახსოვს… დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დედააზრი ამ ,,შინაური ცხოველებისგან” გათავისუფლება იყო… თუ მეშლება?
ზ.ო. – 2021, მარტი

ზურა ოდილავაძე