ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ განცხადება მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ პოლიტიკური „შეხედულებები არ მეცვლება“.
„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. ? თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ,“ – წერს ის.
ვასილ მაღლაფერიძე „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად 16 იანვარს აირჩიეს.
მანამდე ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტს იკავებდა, საიდანაც 2020 წლის აგვისტოში გადადგა. იგი თანამდებობაზე 2017 წლის იანვარში დაინიშნა. მაშინ ის ამბობდა, რომ თუ 2019 წლის ბოლოს მის მიერ დასახული გეგმა წარმატებით შესრულდებოდა და მაუწყებლის რეიტინგი 15%-ს ასცდებოდა, იგი იქნებოდა ამაყი და თანამდებობიდან გადადგებოდა.
ამავდროულად, მაღლაფერიძე აცხადებდა, რომ თუ მაუწყებლის რეიტინგი ზემოხსენებულ ნიშნულს ვერ ასცდებოდა, იგი აიღებდა პასუხისმგებლობას და მაინც დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას.