ალეკო ელისაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

პარტია „მოქალაქეები“ „ტვ პირველის“ ეთერით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ამასთან, „მოქალაქეთა“ ლიდერები – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ოპოზიციას მიმართავს, დაეხმარონ მათ აღნიშნული ინიციატივის რეალიზებაში, რადგან რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა საკმარისია საკითხის ინიცირებისათვის, ხოლო 50 ხმა – კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

„ჩვენ თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ. გავიდა რამდენიმე დღე და არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვებზე – არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობას ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები ჩანაწერების გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა სახელისუფლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია, რაზეც წესით გამოძიებას პასუხი უნდა ჰქონდეს. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ამდენ ხანს გამოძიება დაწყებული იქნებოდა. ამის ნაცვლად, ჩვენ პოლიტიკურ ინსინუაციებს და სხვადასხვა სტუდიაში განხილვებს ვხედავთ. არის პოლიტიკური მარჩიელობა, ნაცვლად იმისა, რომ მკაფიო პასუხები გამოძიებისაგან გვქონდეს.

პროკურატურამ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს კიდეც, მაგრამ მის მიმართ ნდობა ობიექტური მიზეზების გამო არის ნულს ქვემოთ“, – განაცხადა ბრიფინგზე დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ უპირველესად , „ქართული ოცნების“ ინტერესშია ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი გაეცეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.

 

“ინტერორესნიუსი”