არ შეაშინოთ ბავშვი ნემსის გაკეთებით – რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენს პატარას ექიმის შიში არ ჰქონდეს. ფსიქოლოგის რჩევები.
როგორ უნდა გაუმკლავდეს ბავშვი ექიმის შიშს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, – ამის შესახებ ფსიქოთერაპევტმა, ნინო კერესელიძემ „იმედის დღეში“ ისაუბრა.
მისი თქმით, პირველი შეცდომა, როდესაც ბავშვს შიში უყალიბდება, ეს არის მისი არაინფორმირებულობა და არმიწოდება იმ ინფორმაციის, რაც ექიმთან ვიზიტის დროს ხდება.
„ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ფსიქოლოგებს ხშირად გვხვდება, რადგან ბავშვთან ექიმთან შესახვედრად მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს ექიმის კაბინეტში რა დახვდება, მან ამით წინასწარი განწყობა უნდა შეიქმნას. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს, დაახლოებით რა უნდა მოხდეს მის თავს: რამდენად მტკივნეული პროცედურაა, რამდენად უსიამოვნო შეიძლება იყოს ექიმთან ვიზიტი, ყველაფერი შელამაზების გარეშე უნდა იცოდეს.
თუ ბავშვი ექიმთან ნემსის გასაკეთებლად მიდის, მან ამის შესახებ აუცილებელად უნდა იცოდეს, უბრალოდ ნემსი არ უნდა იყოს ისე შექმნილი, როგორც საშინელება, რომელიც ხშირ შემთხვევაში დასჯის მექანიზმია. ეს იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას ბავშვში. ხშირად არის, როდესაც მშობელს ვთხოვთ, ეთამაშე თუნდაც ნემსით ბავშვს. აჩვენეთ, რომ არაფერია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მშობელმა თავისი შფოთვა გააკონტროლოს, რომ ბავშვზე არ გადავიდეს“ – განაცხადა ფსიქოთერაპევტმა.
წყარო: bm.ge