დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება:
“ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, შესაძლებელია, მხოლოდ შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს, მსგავსი რამ არ მომხდარა საქართველოში კომუნისტების დროიდან.
კრებას კარს უმტვრევენ და უვარდებიან შიგნით, რამდენად მიგაჩნიათ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს, ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ, გვიანობამდე ვერ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დაზუსტება გვინოდა დეტალების, ახლა მეტნაკლებად ცნობილია და ხვალ კიდევ უფრო მეტი იქნება სიცხადე. მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას ძალით.
ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ძალიან სამწუხარობ ფაქტია, ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. თუმცა, ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარე არის ის, რაც მე ვთქვი… ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაშავდნენ, იქ არის აივანი საკმაოდ ვიწრო, იყო ძალიან ბევრი ხალხი ასული, იქ არ უნდა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები, კრება მიდის და ერთი შუშა ყოფს აივანს და კრების დარბაზს, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ ჟურნალისტები. მე თქვენ გეტყვით, როდესაც მეუფე სტეფანეს წარდგინება იყო, ქალბატონი ემა [გოგოხია] ძლივს გავაცილეთ იმ აივნიდან, რომ არ დამორჩილებოდა, ალბათ, შესაძლებელია, იმ დღესაც გადმოცვენილიყო იქიდან ხალხი, ისეთი ჟინით უნდოდა იქ დგომა, უნებართვოდ…”
კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომი შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩამოიმტვრა და ათამდე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები გადმოცვივდნენ. ტვ პირველის ინფორმაციით, დაშავდა მათი ოპერატორი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს.