საქართველოში ენერგომოხმარების მესამედი იმპორტზეა დამოკიდებული, თუ ჰესებზე უარი ვთქვით, ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება

ამ ბოლო დროს გვესმის შემაშფოთებელი რამ, რომ ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა არ არსებობს და ეს მოგონილი და არარეალისტურია და თითქოს ჩვენ არ გვჭირდება საკუთრი ენერგეტიკისა და ჰიდრორესურსების განვითარება, – ეს განცხადება, პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.

„ძალიან მარტივად ავხსნი, თუ რას ნიშნავს ასეთი მცდარი მიდგომა საქართველოსთვის: ბოლო ათი წლის განმავლობაში ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ ჰესების მშენებლობა ჩამორჩებოდა ამ პროცესს. მთელი რიგი პრობლემების და მათ შორის ჰესების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამო. შესაბამისად, თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 200 მილიონ კილოვატსაათზე ოდნავ მეტი იყო, ახლა გვიხდება 1,6 მილიარდი კილოვატ/საათის, რვაჯერ მეტის შემოტანა. ამას ემატება 3 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავება გაზის თბოსადგურებზე, ისევ და ისევ უცხოური გაზის იმპორტზეა დამოკიდებული, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი, უკვე დღეს იმპორტზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ 2020 პანდემიურ წელს ქვეყნიდან $200 მილიონზე მეტი გავიდა ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტის საფასურის სახით. „ამ პერიოდში, ეს თანხა წაადგებოდა თუნდაც ლარის კურსის გამყარებას“, – აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე სწრაფად აღადგენს ეკონომიკას და 5%-იანი ზრდა ექნება. „რას ნიშნავს ეს ენერგეტიკისთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს 10 წელიწადში, ჩვენი მოხმარება დღევანდელი 12,6 მილიარდი კილოვატ/საათიდან სულ მცირე 21-22 მილიარდ/კილოვატსაათამდე, პრაქტიკულად გაორმაგდგება. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს დამატებითი 32 მილიარდი კილოვატ/საათი, რაც ჩვენ დაგვჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ მაღალ დონეზე და მოსახლეობის ცხოვრების დონე ავამაღლოთ, საიდან უნდა მივიღოთ? იქნება თუ არა ეს ჩვენს ადგილობრივ ჰესებზე გამომუშავებული ელექტროენერგია, რაც იმას ნიშნავს, რომ რესურსი რჩება ადგილზე, ესაა დაახლოებით 1,5 მილიარდის ღირებულების ენერგია დარჩება ადგილზე, თუ ამ რესურსის შეძენა მოგვიწევს გარეთ“, – აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია უარი თქვას ჰესებზე და აირჩიოს თბოსადგირების მშენებლობა, რაც დამატებით, 10 წელიწადში ნიშნავს $900 მილიონის ღირებულების გაზის იმპორტს. „ამ შემთხვევში, ეს თანხა არ დარჩება საქართველოში და ეს თანხა მოხმარდება რომელიმე მეზობელი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, – აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდა.

 

“იმედინიუსი”