შურისმაძიებელმა სასჯელი ბოლომდე მოიხადა, შემდეგ ეკლესიას მიაშურა და რამდენიმე წლის შემდეგ კი ბერად აღიკვეცა…

გახსოვთ ალბათ სტანისლავ გოვორუხინის ფილმი „Ворошиловский стрелок” (1999 წ.), სადაც სცენარის მიხედვით, ნაფრონტალი, სნაიპერი ბაბუა (მიხაილ ულიანოვი), შვილიშვილის გაუპატიურების გამო, სამ ნაძირალას თავად უსწორდება, რადგან სახელმწიფო არაფერს აკეთებს დამნაშავეების დასასჯელად.

ერთს საზარდულში დაჭრის, მეორეს მანქანას აუფეთქებს და უამრავ დამწვრობას მიაღებინებს, მესამემ კი იცის რა, რომ მისი რიგიც მოვა, ჭკუიდან შეიშლება და ფსიქიატრიულში მოხვდება.
ფილმმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ზოგი ამართლებდა მთავარ გმირს, ზოგი კი ბაბუას მხრიდან ლინჩირების წესს გმობდა.
ამ ისტორიას, რეალური ფაქტები უძღოდა წინ, რომელიც მოსკოვში 80-იანი წლების ბოლოს დაფიქსირდა. ისინი სცენარად მწერალმა ვიქტორ პრონინმა აქცია. ისტორია არა ბაბუს, არამედ ახალგაზრდა კაცს, მოსკოველ დმიტრი დანილოვს უკავშირდება. რომლის შეყვარებულიც, როცა დანილოვი ავღანეთში სსრკ-ს ჯარში მსახურობდა, ბანდიტური დაჯგუფების წევრებმა გაძარცვეს, სცემეს და შემდეგ ჯგუფურად გააუპატიურეს.

გოგონამ ეს დამცირება ვერ აიტანა და საავადმყოფოში ყოფნისას გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა, რის შემდეგაც პრეპარატების სასიკვდილო დოზა მიიღო და გარდაიცვალა.
დმიტრიმ ეს ამბავი ჯარიდან დაბრუნების შემდეგ შეიტყო, ოლია უკვე 6 თვის გარდაცვლილი იყო. მომხდარი ბიჭს მშობლებმა დაუმალეს. დანილოვმა დანაშაულის ჩამდენების ზუსტი იდენტიფიკაცია ვერ მოახდინა, მაგრამ ის კი გაიგო, თუ რომელი ბანდიტური დაჯგუფების წევრები იყვნენ ისინი. სადესანტო ნაწილში ნამსახურებმა გადაწყვიტა თავად აღესრულებინა სამართალი, რადგან მილიცია თავსაც კი არ იწუხებდა ამ საქმის გამოძიების გამო და დამნაშავეები თავისუფლებაზე დასეირნობდნენ. დმიტრი სათითაოდ იჭერდა იმ ბანდის წევრებს და სახელოში დამალული თვითნაკეთი რეზინის „დუბინკით“, რომელშიც კალა იყო ჩასხმული, ნაძირლებს თავ-პირს უერთიანებდა, თუმცა მოკვლას არ ისახავდა მიზნად, რადგან მისი შეყვარებულიც, პირდაპირ მათივე ხელით არ იყო მკვდარი. შედეგად მოსკოვის საავადმყოფოებში, თითქმის ერთი და იგივე დაზიანებებით, ათეულობით ბანდიტი მოხვდა. ექს-მედესანტე მათ სცემდა თავის და საზარდულის არეში. ბევრი მათგანი დაინვალიდდა, რამდენიმე კი მიღებული დაზიანებების შედეგად მაინც გარდაიცვალა.
მილიციამ დანილოვი შემთხვევით დაიჭირა, როცა დიმიტრი ქუჩაში მიდიოდა და დაინახა, რომ სამი ბანდიტი მოქალაქეს ძარცვავდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ მიეკუთვნებოდნენ იმ ბანდას, რომელსაც დანილოვი ერჩოდა, ის ჩაერია კონფლიქტში, იმათაც გაუერთიანა ცხვირ-პირი, რა დროსაც სამართალდამცავებმა ჩხუბის ყველა მონაწილე აიყვანეს. „დუბინკის“ და მიყენებული ჭრილობების იდენტიფიცირების შემდეგ, მათ დაადგინეს, რომ ყველა მსგავსი შემთხვევა სწორედ დანილოვის მიერ იყო ჩადენილი და სასამართლოს გადასცეს, რომელმაც მას დახვრეტის მუხლი მიუყენა. თუმცა პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების და საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერის შემდეგ, დმიტრი დანილოვს 15 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ბანდიტებს კი ხელს არავინ ადებდა, რადგან ბევრი მათგანის მშობელ-ნათესავები, მაღალჩინოსნები იყვნენ და პირიქით, დანილოვის დახვრეტას ითხოვდნენ.
შურისმაძიებელმა სასჯელი ბოლომდე მოიხადა და 2000-იანებში პატიმრობიდან გათავისუფლდა, მაშინვე ეკლესიას მიაშურა, მორჩილად დადგა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ კი ბერად აღიკვეცა.

დათო ხვადაგიანი; სოციალური ქსელი