“ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ რომ მოლაპარაკების მე-5 რაუნდი მიმდინარე კვირაში შედგება

“ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მიმდინარე კვირაში შედგება.
ამის თქმის საფუძველს ქვეყანაში უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში პირადი წარმომადგენელის, ქრისტიან დანიელსონის ჩამოსვლაც იძლევა.

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ყველა მხარე საბოლოოდ შეძლებს პასუხისმგებლობის გააზრებას და იმ შედეგებს, რაც მოლაპარაკების ჩაშლას შესაძლოა მოჰყვეს და საბოლოოდ კონსენსუსი შედგება.

“ქრისტიან დანიელსონი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და მთლიანად რეგიონს, შესაბამისად, ისიც ჩაერთვება მედიაციის პროცესში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ძალიან ნათლად გამოჩნდება და ევროკავშირიც და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან კარგად დაინახავს, თუ ვინ არის შეთანხმების და ვინ არის მოლაპარაკების ჩაშლის მომხრე. შედეგი რაუნდი მომავალი კვირის ორშაბათამდე აუცილებლად გაიმართება და მე იმედი მაქვს, რომ რაღაც პროგრესი ამ მოლაპარაკებებზე იქნება,” – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილიც.

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, როგორც მედიატორის როლის შემსრულებლის ვიზიტი საქართველოში, ნიშნავს ერთის მხრივ იმას, რომ ოქტომბრის არჩევნები მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ არის ცნობილი ლეგიტიმურად და მეორეს მხრივ, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში მაინც, თუ ყველაში არა, რაღაცნაირად გაიღვიძებს სახელმწიფოებრივი აზროვნება და თავს დააღწევენ იმ ლაბირინთს, რომელშიც გაებნენ,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

“რუსთავი2”