არ დაიჯეროთ!
როცა მავანნი ჩვენს ქვეყანას ლანძღავენ, ეს აბსურდია, რადგან, როგორ შეიძლება, ეს მშვენიერი მიწა-წყალი რამეში დამნაშავე იყოს? მაშასადამე, ქართველ ერს აგინებენ, რაც ასევე დაუშვებელია, რადგან მთელი ერი არასდროს არაა დამნაშავე!
ვინც განურჩევლად ლანძღავს ყველას და ყველაფერს, ის ვერაგი და დაუნდობელი მტერია, რა მნიშვნელობა აქვს, გარეულია თუ შინაური? ესაა გაბოროტებული, ცხოვრებით გამწარებული, გაუმაძღარი და უკმაყოფილო არსება, რომელსაც სხვისი სიკეთე აცოფებს. ყველა დროში, ყველა ჩვენი მოსისხლე გვიკიჟინებდა, ცუდები ხართო, რომ მართლა დაგვეჯერებინა, ჩვენი თავი შეგვძულებოდა და ერთმანეთს დავრეოდოთ! მტერსაც ეს უნდა, დაგვცინის, ჩვენივე ხელით გვათხრევინებს ჩვენს სამარეს!
ამიტომ, არ დაიჯეროთ, რომ ცუდები ვართ, პირიქით,უნდა ვიამაყოთ ჩვენი ჩამომავლობით!
ქართველო, იამაყე, რომ უნიკალური კულტურის შემქმნელი ხარ და, შენ რომ არა, თავის ვინაობას ვერ გაიგებს უდამწერლობო ვერცერთი კავკასიური ტომი, თავისი ამპარტავნებით წაგლეკავენ შენზე ახალგაზრდა ისტორიის მქონე შენი მეზობლები, უშენოდ მსოფლიოც კი დაკარგავს ორიენტირს დროში!
შენ რომ არა, კაცობრიობას სიძულვილი შეჭამს და ცხოველს დაემსგავსება! ეს ლიტონი სიტყვები არ გახლავთ! არ შეიძლება, ის ერი, სადაც ქრისტეს პერანგი ქვეყნის შუაგულში მარხია, იყოს გაუნათლებელი და უკულტურო! იგი ხომ ქართველი ხალხის დვრიტა, გულისგული და წმიდა წყაროს სათავეა?!
რაც ჟამისგან მოდებული ჟანგი და უწმიდურება იყო, ჟამმავე ქაფად მოიგდო და მალე დასაკარგავში გააქანებს, შენ კი, ჩემო ალალ-მართალო ხალხო, შენი დარგული კეთილი ხის ნაყოფით გაიხარებ! ამიტომ, არ დაიჯერო ფიზიკურად და სულიერად საჭურისების, არ დაიჯერო სიმდიდრეს დახარბებული გველეშაპების, არ დაიჯერო განდიდების მანიით შეპყრობილების, არც– უსქესო და უგვარო წარმონაქმნების!
ვისაც შენი სიკეთე უნდა, ის სამაგიეროს არაფერს მოგთხოვს:
არც სახელ-დიდებას, არც თანამდებობას, არც ფულსა და ქონებას… მას მარტო შენი კეთილდღეობა, სიმშვიდე და სიხარული უნდა, აი, ამით იცანი მტერ-მოყვარე!
ქვეყნისა და ხალხის ერთგული ათას პარტიად არ დაგლეჯს ქვეყანას, ნარკოტიკებს არ მოუმარჯვებს და სექსუალური აღვირახსნილობიკენ არ წააქეზებს ყველაზე სუფთა და მიმნდობ ახალგაზრდობას,თვითონ არ გაძღება და თვალთმაქცურად არ იწუწუნებს სხვების გაჭირვებაზე! კეთილშობილება პატიოსანი შრომაა და არა- სხვების ნაოფლარით გაზულუქება!
ფილმი ,,მონანიება” გაიხსენეთ, არავის შერჩება ავკაცობა, შვილებსაც მოეკითხებათ! ამიტომ, ახალგაზრდებო, უარი თქვით მამათა ნაქურდალ, ნაძარცვ, სისხლიან ქონებაზე, სანამ დროა, სანამ არ გარყვნილხართ!
დღეს ლუსტრაცია ერთი რამაა, ვინც გმინავს, ის პატიოსანი კაცის შვილია, ვინც ლაღობს, ის უზნეო მოდგმისაა, თორემ, როგორ შეიძლება, ტიროდეს ამდენი და შენ გიხაროდეს?! მუხრანისა არ იყოს, დამწუხრებული კაცისა მესმის, მაგრამ გახარებულისა– არა! თუმცა ერთი რამ მანუგეშებს, ყველა მტირალი უფლის შვილია, რომელთა ქუჩაზეც მალე დადგება გაზაფხული და დღევანდელი გალაღებულნი სწორედ მაშინ ატირდებიან მწარედ! მტკიცედ მწამს, სამართალი ბოლოს მაინც აღსრულდება!
ზაირა მიქაცაძე-ჭიღლაძე; სოციალური ქსელი