სტალინის საზრიანობასა და არაორდინარულობაზე არაერთხელ დაწერილა და საბჭოთა ბელადის ამ თვისებებს მისი მოსისხლე, დაუძინებელი მტრებიც კი ერთხმად აღიარებდნენ… პროფესორი სტეპან ევსეევი წერს:
„თვით სტალინის მოძულე ლევ ტროცკიც კი, უყოყმანოდ აღიარებდა, რომ სტალინის მოტყუება შეუძლებელი იყო და თავად ის (სტალინი) კი, ნებისმიერს გააცურებდა… „სტალინი, ასე ვთქვათ „მოუტყუებელი“ ბოლშევიკი იყო. ლენინი დიდად აფასებდა ამ თვისებას მასში და სწორედ ამიტომაც გზავნიდა მას ყველაზე რთულ მოლაპარაკებებზეო…“ – წერს ტროცკი.
მიუხედავად იმისა, რომ ლენინი სტალინს მტრების წინააღმდეგ იყენებდა, მათ გასაცურებლად, თავად ლენინი და სტალინი მტრები არასდროს ყოფილან. თუმცა, თავად ლენინის გაცურებაც კი მოუწია სტალინს, რაც, როგორც ამას მოლოტოვი უწოდებს, გარდაუვალი აუცილებლობით იყო გამოწვეული… თავის ბოლო ინტერვიუში, 1986 წლის ზაფხულში, 96 წლის მოლოტოვი ამბობდა“: „სტალინს, ილიჩის (ლენინი) იზოლაციაში მოქცევას აბრალებენ, რაც, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, სწორი არაა. გორკებში ლენინის ყოფნა უფრო ილიჩზე ზრუნვა იყო, ვიდრე მისი პოლიტიკური იზოლაცია. ლენინი მძიმედ იყო ავად. ფაქტობრივად, ქმედითუუნარო და მავანნი ილიჩის ასეთ მდგომარეობის, სტალინის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობდნენ…“
„მავანში“ მოლოტოვი ტროცკისა და მის დაჯგუფებას გულისხმობდა, რომლებიც 1923 წელს ძალიან ძლიერები იყვნენ. ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურდით და ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობდნენ. ერთი მხრივ, მათ, ლენინის დახმარებით, სტალინის ჯერ პოლიტიკური, შემდეგ კი ფიზიკური ლიკვიდაციაც უნდოდათ. მეორე მხრივ კი, ამ ორომტრიალში იცოდნენ, რომ ლენინი მოკვდებოდა და ტროცკისა და ბანდას „ცარიელი ტახტი“ დახვდებოდათ. 96 წლის ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ ტროცკიმ კარგად იცოდა სტალინის „მოუტყუებლობის“ შესახებ და ის, რომ „კობას“ მშვენივრად ხელეწიფებოდა მტრების ჩანაფიქრის ამოცნობა, მაინც ვერ შეაფასა გენერალური მდივანი (სტალინი) და მასთან ბრძოლაში დამარცხდა. სტალინი ტროცკის ლენინისვე მეშვეობით შეებრძოლა. თუმცა ბრონშტეინისგან (ტროცკი) განსხვავებით, იოსებ ჯუღაშვილს (სტალინი) აზრადაც არ გაუვლია ლენინის ლიკვიდაცია. პირიქით, ის მშვიდ გარემოში განათავსა გორკებში. უძლიერესი ექიმები დაახვია თავს, რომ გართულების შემთხვევაში, თავის დროზე ეშველათ და ერთ მახვილგონივრულ, კეთილშობილურ ტრიუკს მიმართა, ილიჩს ბოლომდე პოლიტიკურად იზოლირებულად რომ არ ეგრძნო თავი…“
ლენინის მიმართ ჩატარებულ „კეთილშობილურ ტრიუკში“ ვიაჩესლავ მიხაილოვიჩი (მოლოტოვი) ყოველდღიური საბჭოთა გაზეთის, „პრავდის“ ერთი ეგზემპლარის ბეჭდვას გულისხმობდა, ექსკლუზიურად ლენინისთვის. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ლენინს რომ გორკებში თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო, სტალინმა მას პირადი სტენოგრაფისტი გამოუყო, რომელიც ილიჩის აზრებს იწერდა, რადგან თავად წერა არ შეეძლო და რაც მთავარია, ყოველდღიურად „პრავდის“ ექსკლუზიურ ნომერს აბეჭდინებდა, რომელშიც მხოლოდ კარგი ეწერა. მხოლოდ ქვეყნის აღმშენებლობის სტატიები და ფოტოები იბეჭდებოდა, რაც მალამოდ ეფინებოდა სულსა და გულზე ავადმყოფ ლენინს…“ სტალინის ბრძანებით, სულ „პრავდის“ 327 ფალსიფიცირებული (1923 წლის 1 მარტიდან 1924 წლის 21 იანვრის ჩათვლით) ნომერი გამოვიდა, რომელსაც „ჩეკას“ ტიპოგრაფიაში ბეჭდავდნენ ფარულად და „პრავდელთაგან“ ამის შესახებ, მხოლოდ „პრავდის“ იმჟამინდელმა მთავარმა რედაქტორმა, ნიკოლაი ბუხარინმა იცოდა და ასევე, რა თქმა უნდა, „ჩეკას“ შეფმა, ფელიქს ძერჟინსკიმაც. ის სტალინის მარჯვენა ხელი იყო პოლიტიკურ ოპოზიციასთან ბრძოლაში. ფელიქს ძერჟინსკის მეუღლე, სოფია მუშკატი-ძერჟინსკაია, თავის დღიურებში, რომელიც 1969 წელს, დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა, წერდა: „ფელიქსისთვის მე უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი ვიყავი. ის აბსოლუტურად მენდობოდა და ძალიან ხშირად, სახელმწიფო საიდუმლოებებსაც კი მანდობდა. 1923 წლის 8 მარტს ფელიქსი სახლში დაბრუნდა. დღესასწაული მომილოცა და ცოტა ერთადაც კი დავლიეთ. მარტონი რომ დავრჩით, საუბრისას მითხრა:
– სოფაჩკა, სტალინისნაირი საზრიანი და მოხერხებული კაცი, მე მგონი, ჯერ არ დაბადებულა და ალბათ, არც მომავალში დაიბადება. აი, ხომ კარგად ვიცნობ მას უკვე ამდენი წელია, ერთად რა არ გადაგვხდენია და რა არ გაგვიკეთებია, მაგრამ ის მაინც მაოცებს.
– მაინც, რამ გაგაოცა ასე, ასეთი აღფრთოვანებული რომ ხარ მისი საზრიანობით? – ვკითხე ფელიქსს. მან კი ღიმილით გააქნია თავი და მითხრა:
– არა, მოფიქრება არ უნდა იმას, რომ ლენინისთვის ერთჯერადი „პრავდა“ უნდა დავბეჭდოთ, სადაც მხოლოდ კარგი და სასიამოვნო ეწერება.
– ერთჯერადი „პრავდა“ უნდა დაბეჭდოთ? – გაოცებულმა გავიმეორე მე.
ფელიქსმა გულზე მიმიხუტა. თავზე მაკოცა და მითხრა:
– უკვე ერთი კვირაა, ვბეჭდავთ. დღეს მერვე ნომერი გამოვიდა. მაგრამ, ჩემო სიყვარულო, ამის შესახებ არავისთან არაფერი თქვა. იცის სტალინმა, ნიკოლაი ბუხარინმა და მე. რა თქმა უნდა, იციან იმათაც, ვინც ამ ექსკლუზიურ ნომრებს ბეჭდავენ. მაგრამ, ისინი ძალიან სანდო ადამიანები არიან.
სტალინი, მართლაც რომ, უნიკალური პიროვნება გახლდათ. ხალასი გონება ჰქონდა და მტრებს მედგრად ებრძოდა. მეგობრობაც იცოდა და ფელიქსი რომ გარდაიცვალა, სწორედ სტალინმა უკვდავყო ჩემი მეუღლის სახელი – უამრავ გეოგრაფიულ პუნქტსა თუ საწარმო-დაწესებულებას უწოდა მისი სახელი. მე და ჩემს შვილებს კი დიდად დაგვეხმარა, დიდი პატივი გვცა და არასდროს დამავიწყდება ეს…“
სტალინს, მართლაც რომ, საოცარი ნიჭი ჰქონდა, ადამიანები მოეხიბლა და სოფია მუშკატი-ძერჟინსკაიას მსგავსად, არაერთი სხვაც ფიცულობდა მის მზეს. ათეულმილიონობით ხალხი კი, აღმერთებდა საბჭოთა ბელადს და არა იმიტომ, რომ მისი მხოლოდ ეშინოდათ, არამედ ნათლად ხედავდნენ მასში უბრალო, ნამდვილ, მათი ინტერესების დამცველ ადამიანს. სტალინს არც გადამალული ქონება ჰქონდა და არც ზღაპრული საბანკო ანგარიშები უცხოეთში. ის ცხოვრობდა ზუსტად ისევე უბრალოდ, როგორც ათეულმილიონობით საბჭოთა ადამიანი და ალბათ, სწორედ ამიტომ იყო ნამდვილი სახალხო ბელადი. თავად დიდი ბერნარდ შოუც კი აღფრთოვანებული იყო სტალინით. 1931 წლის აგვისტოში, სამშობლოში დაბრუნებული დიდი მწერალი აღნიშნავდა: „საბჭოეთი დიდი ქვეყანაა და მას ღირსეული მმართველი ჰყავს, რომელსაც სტალინი – ფოლადის კაცი ჰქვია. ის მართლაც ფოლადისგანაა ჩამოსხმული და ამის თქმის უფლებას მაძლევს ის დიადი საქმეები, რომელიც საბჭოელებმა სტალინის მეთაურობით გააკეთეს და აკეთებენ. განსაცვიფრებელია სტალინის გონება და განათლება. ესაა დიდი ინტელექტის ადამიანი. მე ვეთაყვანები მას. დიდება დიად სტალინს!“ ბერნარდ შოუს ამ ცნობილი სიტყვების შემდეგ სტალინზე რამის დამატება სირცხვილია.”
“თბილისელები”