დააკავეს პიროვნება, რომელიც კრედიტის მიღების მიზნით, ყალბ საბანკო ამონაწერებს ამზადებდა

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის სანაცვლოდ, ბანკიდან კრედიტის მიღების მსურველ ერთ-ერთ პირს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეს ხელფასის სახით ყოველთვიურად ვითომდა ერიცხებოდა 2 740 (ორი ათას შვიდას ორმოცი) ლარი.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა, ოც სხვადასხვა პირზე გაცემული ყალბი საბანკო ამონაწერები და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად განკუთვნილი ერთ-ერთი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შტამპები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 208-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით. გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცლებეულ განცხადებაში.

წყარო: report.ge