ექსპერტთა პროგნოზებით, ძალიან მალე საქართველოში საწვავი 3 ლარამდე გაიზრდება, რაც ისედაც გაძვირეული სამომხმარებლო პროდუქციის კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს!
გლობალურ ბაზრებზე ნავთობი გაძვირებას აგრძელებს. არ არის გამორიცხული, ფასმა ერთ ბარელზე 80 დოლარს მიაღწიოს. ცხადია, ასეთი ცვლილება ადგილობრივ ბაზარზეც გავლენას მოახდენს. თუკი ამ ნიშნულს მიაღწევს ფასი, ეს ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებელს ბენზინი, მინიმუმ, 2,90-3 ლარამდე გაუძვირდება. “რეგულარის ღირებულებამ, არაბრენდირებულ სადგურებზე კი შესაძლოა, 2.50-ს გადააჭარბოს. ბუნებრივია, ეს სამომხმარებლო ფასებზეც იმოქმედებს, შესაბამისად, გაიზრდება ინფლაცია.
ამ ეტაპზე ლონდონის ბირჟაზე მაისის ფიუჩერსების ფასი ერთ ბარელ ბრენტის ტიპის ნავთობზე 70 დოლარის ფარგლებშია. ამერიკული ლაითის მარკის ნავთობის ღირებულება კი 68 დოლარამდე გაიზარდა. ასეთი მაღალი ფასი 2020 წლის იანვრის შემდეგ არ ყოფილა.
ერთადერთი, რამაც შეიძლება სიტუაცია შეცვალოს, ეკონომიკის სფეროს ექსპერტის, დავით ებრალიძის ვარაუდით, შეიძლება, ოპეკის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება იყოს მოპოვების გაზრდის შესახებ.
“გლობალურ ბაზრებზე ბოლო პერიოდში ტენდენცია გაძვირებისკენაა. სავარაუდოდ, ეს ტრენდი შეანრჩუნდება. ერთადერთი გზა რჩება, რომ ოპეკის წევრმა ქვეყნებმა გაზარდონ მოპოვება, თუმცა შიძლება პირიქითაც მოხდეს. ვფიქრობ, მსხვილი მწარმოებლები შეთანხმდებიან, 70-დოლარიან ნიშნულს ისინი შედარებით ზომიერად მიიჩნევენ. თუ მეტად მოიმატა ფასმა, წარმოებასაც გაზრდიან, თუმცა ამაზე ქვევით არ ჩამოვა.
საქართველოში ამას ფასების ზრდა და ინფლაცია შეიძლება მოჰყვეს, ერთადერთი იმით შეიძლება დაბალანსდეს, რომ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია გადახდისუნარიანობის კლების გამო, ამიტომ ინფლაციასთან დაკავშირებით სერიოზულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ” – განაცხადა ებრალიძემ.
ნავთობის გაძვირების მიზეზებზე “ბიზნეს-რეზონანსთან” ისაუბრა ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ. მისი ვარაუდით, ტენდენცია, მინიმუმ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მეორე კვარტალში შეიძლება ნავთობის ფასი დაბლა ჩამოვიდეს, თუმცა 60-დოლარიან ნიშნულს ვერ ჩამოსცდება.
“ნავთობი პირველ კვარტალში რომ გაძვირდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში ვსაუბრობდი. რაც შეეხება მიმდინარე ტენდენციას, ვფიქრობ, ფასი ზრდას ჯერჯერობით გააგრძელებს, სავარაუდოდ, მეორე კვარტალში დასტაბილურდება და კლებისკენ აიღებს გეზს, ალბათ 60 დოლარის ფარგლებში იტრიალებს. ჯერჯერობით კი მოსალოდნელია 70-72 დოლარამდე მატება.
ასეთი ვითარება ნებისმიერ შემთხვევაში ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზეც მოახდენს გავლენას. მაღალი ფასები შენარჩუნდება, მათ შორის, ნავთობპროდუქტებზეც. საწვავის ფასი ყოველთვის ახდენდა გავლენას, ყველა პროდუქტის თვითღირებულებაზე, რომელსაც დისტრიბუცია სჭირდება, ამიტომ ცვლილება საქონლის ფასზეც ადეკვატურად აისახება.
თუკი 80 დოლარს თუ მიაღწევს ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება, მაშინ საქართველოში 1 ლიტრი ბენზინი 3 ლარამდეც გაძვირდება, მინიმუმ 2,90 ლარი იქნება, გააჩნია ლარის კურსსაც. ჩვენ ველოდებით, რომ ეროვნული ვალუტა 3,33-ის ფარგლებში იტრიალებს” – განაცხადა ნიკა შენგელიამ.
რაც შეეხება ფასის ზრდის მიზეზს, ანალიტიკოსის თქმით, ეს გამოიწვია მოთხოვნის ზრდამ, რაც შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება, ყველნაირი მიმოსვლა გააქტიურებულია და ამან რეალიზაციის საგრძნობი მატება განაპირობა.
“ოპეკის წევრ ქვეყნებს ხელს აძლევთ ეს ფასი, მოპოვებაზეც შეთანხმებული არიან, იგი ხელსაყრელია ასევე რუსეთისთვისაც. მათი სურვილია რაც შეიძლება მეტი მოგების მიღება. წლების წინ 100 დოლარზე მეტიც იყო ერთი ბარელის ღირებულება, თუმცა ამ მაჩვენებლამდე ნავთობის გაძვირებას არ ველოდები” – დასძინა “ბიზნეს-რეზონანსთან” ნიკა კვარაცხელიამ.
ადგილობრივ ბაზარზე ნავთობის გაძვირების გავლენა შეაფასა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელმა ბექა კემულარიამაც. მან არ გამორიცხა, რომ მსოფლიო ბაზრის ტენდენცია საწვავს საქართველოში 3 ლარამდეც გააძვირებს, რაც დიდ პრობლემას შექმნის ყველა მიმართულებით.
“საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა იწვევს შემდეგ უკვე საწვავის შესასყიდი ფასის მატებას. კომპანიებს თვითღირებულება თუ გაეზრდებათ, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასიც მოიმატებს. აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში შეიძლება ინფლაციაც გაიზარდოს. დღეს ბაზარზე არის საკმაოდ მძაფრი კონკურენცია, ბევრი ახალშემოსული კომპანიაა, რომელსაც სურს ადგილის დამკვიდრება. ასეთი კომპანიები უმნიშვნელო ფასნამატით ცდილობენ საწვავის რეალიზაციას, მინიმალური მოგების მარჟით მუშაობენ. ეს აბალანსებს ვითარებას, მაგრამ თუკი თვითღირებულება გაიზარდა, აქაც იძულებით გამოიწვევს ფასის ზრდას და შეიძლება 3 ლარსაც მიაღწიოს 1 ლ ბენზინის ღირებულებამ.
არც მომპოვებელი ქვეყანა ვართ, არც გადამუშავებელი ქარხანა გაგვაჩნია და მთლიანად საერთაშორისო ფასზე ვართ დამოკიდებული. თუკი კურსი გამყარდება, საწვავის ფასსაც მეტ-ნაკლებად დააბალანსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებას უნდა ველოდოთ. 100-მდე კომპანიაა ბაზარზე, კონკურენცია არის და კარტელური გარიგებების ნიშნები არ ჩანს. ისედაც მინიმალურად ზრდიან ფასს და არ მგონია, ამ მხრივ შეიქმნას პრობლემა”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” კემულარიამ.
ნავთობის ფასმა მვეთრი გაზრდა თებერვალში დაიწყო, როდესაც ამერიკაში, ტეხასში ძლიერი ყინვების გამო ჭაბურღილების მუშაობა შეაჩერეს. გაძვირებაზე იმოქმედა კორონავირუსის ვაქცინაციის ფონზე გლობალური ეკონომიკის აღდგენის ოპტიმისტურმა განწყობებმაც.
წყარო: resonancedaily.ge