ოცნებამ ფაქტიურად მეთოდურად და თითქოს მიზანმიმართულად ჩიხურ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი

ძალიან ბევრი უპასუხო კითხვა დაგროვდა ჩვენს გარშემო….
პოლიტიკურმა დაძაბულობამ ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია –
ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები ფაქტიურად უკვე პირდაპირ ითხოვენ ნიკა მელიას გამოშვებას, როგორც სიტუაციის განმუხტვისათვის გადასადგმელ პირველ ნაბიჯს.

ოცნებამ ფაქტიურად მეთოდურად და თითქოს მიზანმიმართულად ჩიხურ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი.
ერთის მხრივ დაპირისპირება დასავლეთელ პარტნიორებთან და მეორეს მხრივ, ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში – ფაქტიურად საკუთარი ელექტორატის სრული გულის აცრუების და დაკარგვის პერსპექტივა. ორივე სიტუაცია ძალიან მძიმედ აისახება ქვეყნის ცხოვრებაზე.
რამ შეიყვანა ქვეყანა ამ პოლიტიკურ ჩიხში… რა არის ის მიზეზი, რომელმაც ბოლოს მიგვიყვანა იქ, სადაც ყველა ინტუიტიურად გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვხვდებოდით?
დემოკრატიის განვითარების უმთავრესი პრინციპია ორი ან მეტი კონკურენტუნარიანი პარტიის არსებობა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ და გაიმარჯვონ არჩევნებში. კონკურენცია მათ შორიას არის ერთადერთი სტიმული ქვეყნის განვითარებისა. როდესაც ეს კონკურენცია რაიმე მიზეზით არ არსებობს – ქვეყანა განწირულია რეგრესისათვის. ეს არის უმარტივესი აქსიომა.
რა ხდება ჩვენათან ამ მიმართულებით?
2012 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ”ქართული ოცნება” დაადგა ე.წ. კოჰაბიტაციის მოლიპულ გზას, რომელმაც გააჩინა საზოგადოების უდიდეს ნაწილში იმის განცდა, რომ არ მოხდა წინა ხელისუფლების დანაშაულების სათანადო გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ამან გამოიწვია დიდი უკმაყოფილება საზოგადოების უდიდეს ნაწილში და ეს უკმაყოფილება დღითიდღე იზრდებოდა, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების სითამამე და დაუსჯელობის გრძნობით გამოწვეული თავდაჯერებულობა.
ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უპირობოდ ემხრობოდა ”ოცნებას” – ნაციონალების დაბრუნების პანიკური შიშის გამო.
ამითი შესანიშნავად ”ისარგებლა” ოცნებამ და მოხდა სრულიად ბუნებრივი რამ – კონკურენტუნარიანი მეტოქის არ არსებობის ფონზე დაიკარგა სტიმული განვითარების და მოსახლეობის ინტერესების სათანადო დაცვისა, რაც ცხადია ვერ იქნებოდა ქვეყნის განვითარების საწინდარი.
ამ ფონზე ასევე მოხდა რეალური დემოკრატიის ჩამოყალიბებისთვის მცდელობების დაბლოკვა და მივიღეთ ქვეყანა, სადაც მართალია აღარ ხოცავენ ადამიანებს ქუჩაში და არ ართმევდნენ უტიფრად ქონებას, მაგრამ არ არის საკმარისი პირობები საზოგადოების სათანადო ჩართულობისა ქვეყნის მმართველობის პროცესში. ფაქტიურად განადგურდა თვითმმართველობის განვითარების მცდელობა, დაიბლოკა თვითმმართველობის არსებული კანონით ადამიანებისთვის მიცემული უფლებები და ადამიანები ფაქტიურად შორიდან უყურებდნენ თუ რას აკეთებენ, ან რას არ აკეთებენ მათი რჩეულები არჩევნებიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
უკმაყოფილება იზრდებოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა მოსახლეობა ისევ ”ოცნებას” ირჩევდა ნაციონალების შიშით.
ეს მდგომარეობა გრძელდება უკვე 10 წლის განმავლობაში.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ფაქტიურად მძევლად აიყვანა მმართველი გუნდი და თავის ჭკუაზე ატარებს.
მათ კარგად იცოდნენ, რომ მათი მთავარი ”კოზირი” იყო ეკონომიკური გაჭირვება ქვეყანაში და ამ გაჭირვების გადაძლევის ერთერთი გზა იყო სწორედ ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი, რომელიც კატეგორიულად იყო მოთხოვნილი ჩვენი დასავლეთელი მოკავშირეების მიერ და ითვალისწინებდა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას მხოლოდ მოლაპარაკებების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების გზით.
ნაციონალურმა მოძრაობამ იმდენი მოახერხა, რომ ფაქტიურად ნებისმიერი მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისა, გამოცხადებული იყო ქვეყანაში როგორც სამშობლოს ღალატი.
ცხადია, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია გამოიწვევდა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ტურისტების რაოდენობის გაზრდას, ზოგადად ეკონომიკურ სტაბილიზაციას და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ცხადია, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ძალაუფლებაში დაბრუნების შანსი საერთოდ გაქრებოდა.
ამის დაშვება კი არ უნდოდა გარკვეულ ძალებს.
ცნობილი ”გავრილოვის” ღამემდე ორი კვირით ადრე, გაჟღერდა გარკვეულ წყაროებიდან, რომ რუსი ტურისტების შემოდინება – ”ხიფათს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს”. ეს მოსაზრება ფაქტიურად ანადგურებდა ქვეყნის მცდელობას სწორედ სახელმწიფოს არსებული საგარეო კურსის შესაბამისად მშვიდობიანად მოეგვარებინა რუსეთთან ურთიერთობა. ამ მხარდაჭერით გათამამებულმა ნაცმოძრაობამ მოაწყო სრულიად ამაზრზენი პროვოკაცია და სრულიად გაანადგურა ყოველგვარი ურთიერთობები რუსეთთან ხანგრძლივი დროით. ამან გამოიწვია ეკონომიკისთვის უმძიმესი შედეგები და ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის, რომლებსაც აწყობილი ჰქონდათ იმედები თავის ტურისტულ ბიზნესზე – გაკოტრება.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობის წევრებმა ძალიან კარგად იცოდნენ გავრილოვის ჩამოსვლის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე, იცოდნენ, რომ კონგრესი ტარდებოდა პარლამენტის შენობაში და რომ გავრილოვი აუცილებლად დაჯდებოდა ამ სავარძელში გამომდინარე თავისი თანამდებობიდან.
ყველაზე სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ თუ ისინი ამას ქვეყნის შეურაცხყოფად განიხილავდნენ, მათ მისცეს საშუალება ეს შეურაცხყოფა მომხდარიყო და მხოლოდ მერე დაიწყეს პროტესტი და თან სრულიად ამაზრზენი და ქვეყნისთვის დამამცირებელი ქმედებებით.
მოკლედ, მათ მოახერხეს საზოგადოების აყოლიება და ეს პროვოკაცია კინაღამ გადატრიალებით დაამთავრეს.
აქ საგულისხმოა ”ოცნების” სრული უსუსურობა ამ პროვიკატორების მიმართ და სიტუაციის სრულიად ხელიდან გაშვება, რაც დამთავრდა იმით, რომ იძულებულები გახდნენ ირაკლი კობახიძე გაეწირათ და გადაეყენებინათ თანამდებობიდან. თუმცა, ნაციონალებისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და მათ მაინც სცადეს პარლამენტში შეჭრა და ძალისმიერი მეთოდებით თავის სასარგებლოდ სიტუაციის გამოყენება.
სამწუხაროა, რომ ამ გამოცდილებიდან ოცნებამ დასკვნები ვერ გააკეთა და ისევ გააგრძელა ნაციონალების დაკრულის ქვეშ ცეკვა და მათი პროვოკაციების ყლაპვა თავისი გუნდის წევრების გაწირვის ხარჯზე.
ამ სრულიად ლუზერულმა და მშიშრულმა პოლიტიკამ მიიყვანა ოცნება იქამდე, რომ ნიკა მელიამ, რომელსაც სასამართლომ აუკრძალა გარკვეული ქმედებები და თან სამაჯურიც დაადო, სრულიად გამომწვევად დაარღვია ეს პირობები და ბოლოს სამაჯურიც ესროლა ოცნებას სახეში. აქაც, ოცნება ისევ უკან იხევს და აცხადებს, რომ ნიკა მელიასადმი გამოყენებული ღონისძიებებმა ამოწურა თავი და უხსნის ამ შეზღუდვებს სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამის შემდეგ ნიკა მელია ხდება პარტიის თავმჯდომარე და კიდევ უფრო აქტიურდება პოლიტიკურ სარბიელზე.
ოცნებამ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და გარკვეული დროის შემდეგ, სასამართლოს განჩინებით, ნიკა მელიას ეკისრება დამატებითი გირაოს გადახდა. ეს იყო სრულიად უაზრო გადაწყვეტილება, შეცდომა, რადგან ფაქტი იყო უკვე, რომ ნიკა მელია არსად არ გაიპარებოდა და ქვეყანას არ დატოვებდა. ცხადია, ნაციონალურმა მოძრაობამ ისარგებლა ამ შეცდომით და ჩიხში მოამწყვდია მმართველი გუნდი.
სრულიად გაუგებარია პრემიერ მინისტრის გახარიას დემარში და ქმედება, როდესაც სწორედ მის თვალწინ ხდებოდა ეს სრულიად სამარცხვინო პროცესი – სრული პასიურობა, მელიას თავხედური, უკანონო ქმედებების კასკადი, შემდგომ სრულიად უაზრო გირაოს ხელმეორედ გადახდის მოთხოვნა და ამ დროს, მან არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ამის დასარეგულირებლად, შეიყვანა პოლიტიკური პროცესები ჩიხში და ბოლოს გაექცა პასუხისმგებლობას და გადადგა.
ახალ პრემიერს არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც სხვათა შორის შეეძლოთ გაეჩერებინათ დეპუტატებს, მაგრამ ისეა საზოგადოება გაბრაზებული რომ ეს ვერ გაბედეს – აღესრულებინა.
ერთის მხრივ გასაგებია პრემიერის ეს ნაბიჯი, რომელიც მოერიდა საკუთარი ელექტორატის საბოლოოდ დაკარგვას და აღასრულა სასამართლო განაჩენი, მაგრამ აქ ჩნდება სწორედ ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი……
მოგეხსენებათ, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში, საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი – შარლ მიშელი. ის სთავაზობს ოცნებას სასწრაფოდ ჩაატაროს ნიკა მელიას სასამართლო და ამით განმუხტოს ჩიხური დაძაბულობა. მაგრამ ოცნება ამ წინადადებას არ იღებს და სიტუაცია რჩება იგივე! ამის შემდეგ უკვე ღიად დაიწყო ოცნების კრიტიკა ევროპული სტრუქტურებიდან და პირდაპირი მოთხოვნა ნიკა მელიას გათავისუფლებით გადადგმულიყო ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციისკენ.
საინტერესოა ვის აწყობს ეს სიტუაცია?
ოცნების ლიდერების უნიათობამ გამოიწვია ისეთი გაღიზიანება მისი მომხრეების მხრიდან, რომ ის ფაქტიურად გახდა საკუთარი ქმედებების მძევალი და ნებისმიერი დათმობა მისი მხრიდან შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს მომხრეების დაკარგვის თვალსაზრისით.
მეორეს მხრივ, დასავლეთის ზეწოლა და სიტუაციის დაძაბვა, ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას.
ყველაზე სამწუხაროა რომ დასავლეთის მოთხოვნები ოცნების ხელმძღვანელობის მიმართ, იწვევს მისი მომხრეების ისეთ გაღიზიანებას, რომ ამან შეიძლება სერიოზული დაღი დაამჩნიოს ჩვენს ურთიერთობებს დასავლეთთან – რაც სრულიად დაუშვებელია. საქართველოსთვის სრულიად დამღუპველია პოლარულობა და მისი გადარჩენა მხოლოდ გონივრულ ბალანსშია, რაც საუბედუროდ დიდი ხანია რაც დარღვეულია.
არ შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაში შეიქმნა, კერძოდ, იმას, რომ დარღვეულია ძირეული საფუძველი დემოკრატიის განვითარებისათვის. სანამ ნაციონალური მოძრაობა არ გაიწმინდება ( თუ ეს საერთოდ შესაძლებელია) ყველა იმ ნაწილისაგან, რომელიც ასოცირდება ძალადობასთან და სისასტიკესთან – არანაირი დემოკრატია საქართველოში არ იქნება, ან უნდა მოხდეს ისეთი სრულფასოვანი ძალის ჩამოყალიბება, რომელიც არ იქნება ასოცირებული ნაც.მოძრაობასთან და შეძლებს რეალურად იბრძოლოს ძალაუფლებისთვის.
ყველა სხვა ძალისმიერი მცდელობა ნებისმიერი მხრიდან იქნება ქვეყნისთვის სრულიად დამღუპველი.

ერეკლე კუხიანიძე