სტუდენტები აღმოსავლეთ ევროპიდან და განათლებაში თანამედროვე სისტემები – ქართველი ბანკირების “ღია უნივერსიტეტი”.
“თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი“ შპს „ველოქს ედიუქეიშენმა“ იყიდა. „ველოქს ედიუქეიშენის“ დირექტორი „საქართველოს ბანკის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე რამაზ კუკულაძეა, კომპანიაში მისი ბიზნესპარტნიორები კი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ CEO ნიკოლოზ გამყრელიძე, VTB ბანკის CEO არჩილ კონცელიძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესი, ასევე „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის მოადგილე ავთანდილ ნამიჩეიშვილი და „ლიბერთი ბანკის“ დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური არიან.
რამაზ კუკულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ღია უნივერსიტეტის“ ყიდვით, ქართველ ბანკირებს სურთ სწავლის იმ თანამედროვე სისტემების დანერგვა რაც დღევანდელს მსოფლიო რეალობაში აქტუალურია.
„ველოქს ედიუქეიშენმა“ განათლების ინდუსტრიაში წვლილის შეტანა გადაწყვიტა, რადგან გარდა იმისა, რომ კეთილშობილური საქმეა, ქვეყანას რაც მეტი განათლებული ადამიანი ეყოლება მით უკეთესია. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველოს ბაზარზე არის საკმაოდ დიდი ადგილი ახალი კარგი უნივერსიტეტის არსებობისთვის, ასევე გვინდა სწავლის იმ თანამედროვე სისტემების დანერგვა რაც დღევანდელ მსოფლიო რეალობაში აქტუალურია. თუმცა, უფრო დეტალურად ამის განხილვა ახლა მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში გვეცოდინება.
დღეს უნივერსიტეტს აქვს 4 სკოლა, ეს არის სამედიცინო მიმართულება, სამართლის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება, ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა. ამ ოთხივე მიმართულებას გავაუმჯობესებთ, რადგან ძირითადად საფინანსო სფეროს წარმომადგელები ვართ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ მიმართულებით გავაძლიერებთ მას. 2022 წლიდან ვგეგმავთ, დავამატოთ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება, მანამდე ბიზნესის ადმინისტრირების სკოლას გავაკეთებთ უფრო უკეთესს“, – განმარტავს რამაზ კუკულაძე.
რამაზ კუკულაძის თქმით, უნივერსიტეტის საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოზიციონირების გაძლიერება იგეგმება.
„უნივერსიტეტის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერებაც იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე ნაადრევია დეტალებზე საუბარი. სტუდენტები გვყავს ინდოეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის ქვეყნებიდან და ა.შ. ვგეგმავთ ამ ბაზრებზე უფრო მეტად გავძლიერდეთ, მაგრამ დივერსიფიკაციასაც ვაპირებთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი.
ღია უნივერსიტეტის კონკურენტი ყველა ის სასწავლებელი იქნება ვინც დღეს ამ ბაზარზე მოღვაწეობს და ვფიქრობთ, რომ ყველა მათგანს გავუწევთ კონკურენციას“ – განაცხადა რამაზ კუკულაძემ.
რამაზ კუკულაძე არ აკონკრეტებს თუ რა თანხა გადაიხადა კომპანიამ ღია უნივერსიტეტის 100%-იანი წილის შეძენაში. ინვესტირებაზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ კონკრეტული თანხის დასახელება ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით უნივერსიტეტი დამატებით სახსრებს არ საჭიროებს, განახლება ძირითადად კომპიუტერული და აიტი ტექნოლოგიების კუთხით იქნება საჭირო.
“ღია სასწავლო უნივერსიტეტი“ 2002 წელს დაფუძნდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გიორგი ამილახვარი იყო, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების” დეპუტატია, სასწავლებლის 100%-იანი წილი კი ზაურ ამილახვარს ეკუთვნოდა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ღია უნივერსიტეტის ახალი მფლობელები სასწავლებლის უძრავი ქონების იჯარაში თვეში 60,000 ლარს გადაიხდიან, მისი შემოსავალი (2019 წლის) კი 3.2 მილიონი ლარი იყო.
ავტორი: ნინო თამაზაშვილი
წყარო: commersant.ge