თუ განრიგით მოხდა ყველაფერი, ვაქცინას დაავადებათა კონტროლის ცენტრი შაბათ-კვირას გაანაწილებს

„თუ განრიგით მოხდა ყველაფერი, ვაქცინას შაბათ-კვირას გაანაწილებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„13 მარტს, დილით, თუ განრიგით მოხდა ყველაფერი ისე, როგორც არის მოწოდებული ინფორმაცია, ვაქცინას შაბათ-კვირას გაანაწილებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩვენ გვაქვს ყველა სამედიცინო პერსონალის მონაცემები, რეგიონების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების მიხედვით და შესაბამისი პროპორციებით, ეს ვაქცინა გადანაწილდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე“, – განუცხადა „ქრონიკას“ ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. პირბადის გამოყენების სტატისტიკური მაჩვენებელი 43%-ს არ აღემატება. ეპიდემიოლოგების განმარტებით, მოსახლეობა მოდუნდა, ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, რამაც კოვიდინფიცირებულების რაოდენობა გაზარდა. ისინი მოსახლეობას კვლავ მკაცრად მოუწოდებენ პირბადის ტარების, დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ.

საქართველოში იმუნიზაციის პროცესი მოსალოდნელზე ერთი კვირით ადრე დაიწყება. ქვეყანა ბრიტანულ-შვედური წარმოების „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტს მიიღებს, ვიდრე 43 ათასი დოზა ჩამოვა, ჯანდაცვის სექტორი ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებს და ვაქცინაციის პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მედპერსონალი აიცრება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

“იმედინიუსი”