“დაიცავი შენი წილი მიწა” – ქუთაისში 14 მარტს კიდევ ერთი აქცია გაიმართება!

“დაიცავი შენი წილი მიწა“ – ამ სლოგანით ქუთაისში 14 მარტს, 13:00 საათზე კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობას.

აქციის ორგანიზატორები ხეობის მკვიდრები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ტერიტორიაზე საფრთხის შემცველი ჰესების მშენებლობას არ დაუშვებენ.

“არ გვინდა ჩვენი მიწები გაყიდონ უცხოელებზე. ჩვენს მიწას ბოლომდე დავიცავთ“ – აცხადებენ ხეობის „მცველები“.

ცნობისთვის, რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია „ენკა“ აშენებს.

ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არა მხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, “ენკა” ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

წყარო: itv.ge