ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გომისმთაზე მაშველებმა დაღუპული მამაკაცის ცხედარი თოვლიდან ამოიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მეხანძრე-მაშველებმა გომისმთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულეს.
ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა. გურიაში ჩავიდნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგი. ქუთაისიდან გომისმთის მიმართულებით გაფრინდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მოხდება მიცვალებულის გადმოსვენება. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე თბილისიდან და ქუთაისიდან.
10–საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომისმთაზე დაკარგული სამი მოქალაქე გუშინ საღამოს იპოვეს.
ისინი უვნებლად, თუმცა ჰიპოთერმიის ნიშნებით იპოვეს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
პარასკევს დილით „112“–ში შევიდა შეტყობინება, რომ ოთხი ახალგაზრდა მთებში სანადიროდ გაემგზავრა და იქ ჩარჩა. ერთი ახალგაზრდა გაიყინა, სამი კი დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა უკან დაბრუნებას. მეხანძრე-მაშველების 10–კაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების – ძლიერი ქარიშხლისა და ცუდი ხილვადობის გამო სამაშველო ოპერაცია გართულდა,
“სპუტნიკი”