,,ჩემი გონება – ჩემი ეკლესიაა“ – ტომას პეინი ( აშშ-ს ,,ნათლიმამა“)
I. დღეს – სიძულვილის ქვეყანა
მარხვა დაიწყო. ადამიანებმა ღმერთსა და ერთმანეთს ცოდვების მიტევება სთხოვეს. ,,ფეისბუქით“, ისე რომ ერთმანეთისთვის თვალებში არც კი ჩაუხედავთ. ზოგმა იტირა კიდეც… მთელი წელი ყველა და ყველაფერი გვძულდა, საძაგლობებს ჩავდიოდით, უმსაგავსო ჭორებს ვავრცელებდით და შენდობა – უცებ, ერთი მესიჯით? სიაბანდია ეს ყველაფერი, თავის მოსატყუებელი რიტუალი – სინდისის დამამშვიდებელი ,,placebo” აბი.
ხვალიდან ხომ ზრდასრული დეიდები და ბიძიები კაცობრიობას ისევ ,,ქოცებად“ და ,,ნაცებად“ დაყოფენ და თან ქრისტიანულ შემწყნარებლობას იქადაგებენ. სიყვარულით სავსე ,,ქოცებმა“ ,,ნაცები“ უნდა გაჟლიტონ, არც ,,ნაცები“ თმობენ… და ჩვენ სიყვარულზე ვსაუბრობთ? ეს როგორი სტილის არამზადული სიყვარულია – ახალი სიძულვილის ქრისტიანობაა?
პატივცემული საზოგადოება მალევე ისევ სხვისი უბედურებით ტკბობას მიეცემა, მრავალ სხვა ჭუჭყიან საქმეს ჩაიდენს… და 40 დღე ცოდვებზე იტირებს. თქვენ ვის აგოიმებთ? საკუთარ თავს იბოლებთ? ღმერთი თქვენსავით გულმავიწყი იდიოტი გგონიათ?
ერთ დიდ წმინდანს უთქვამს – ხორცი ჭამეთ, ოღონდ ადამიანს ნუ შეჭამთო. ამდენი შური, ბოღმა და… სიყვარული? ერთმანეთს ვერ ვიტანთ, კარის მეზობლის გვშურს, იგივე ,,ქოცობისა“ თუ ,,ნაცობის“ გამო, დანასისხლად ვართ ერთმანეთზე გადაკიდებულნი და საყოველთაო სიყვარულს ვიჩემებთ? სწორედ ამ ფარისევლობის ოკეანის გამო აქ, კარგა ხანს ხე კეთილ ნაყოფს არ გამოისხამს – ეს ბოღმით გადამწვარი მიწაა, სიცრუით გამოფიტული და შურით მოწამლული ნიადაგია.
ჩვენს შორის არაფერია საერთო – სრული გაუცხოება და აუტანლობა. ბარიერის ორივე მხარეს – 30 წლის ჩამყაყებული ზიზღი, ჩირქივით ჩაგუბებული. იცით რატომ ვართ ასე პოლიტიკითა და სარწმუნოებით გატაცებულნი? ამ სფეროში სიძულვილის გამოხატვის შესაძლებლობით. სწორედ ამის გამო ვერ ვიკლავთ წყურვილს პოლიტიკისა და რელიგიის მიმართ – ჩვენ არა ღმერთი, არამედ სხვაზე უპირატესობა გვწყურია. ჩვენ ბოღმა და გესლი ვერ დავშრიტეთ საკუთარ გულში. დიახ, ჩვენ ურთიერთ ზიზღითა და შურით გაჟღენთილი ფარისევლების ერი ვართ. მარხვას გილოცავთ!
II. ხვალ – ,,გონების საუკუნე“
ჩვენ ჩამოვრჩით – ცივილიზებულ სამყაროში რახანია ,,გონების საუკუნე“ დგას. ყოვლისმომცველი სიყვარული პრაქტიკულად შეუძლებელი შეიქმნა, ის მხოლოდ დეკლარირებულ თეზისში გადაიზარდა. ძველთაგან გამეფებული თვალთმაქცობა, ადამიანის პიროვნებისადმი ცივილურმა დამოკიდებულებამ – მისი თავისუფლებისადმი და თვითგამოხატვის ფორმებისადმი პატივისცემამ, ტოლერანტობამ შეცვალა. საყოველთაო სიყვარული აღარ შეიქნა საჭირო, საკმარისია პიროვნული წესიერება და პატიოსნება – ადამიანებმა მკაცრად უნდა დაიცვან მხოლოდ მორალური ნორმები და იცოდნენ, რომ სხვებზე ,,ფეხის დაბიჯება“, შური და ჭუჭყიანი ჭორების გავრცელება ჩამორჩენილობის ნიშანია და სამარცხვინოა. მორალის მთავარ პრინციპად კვლავ რჩება ახალი აღქთმის ოქროს წესი – მოექეც სხვას ისე, როგორც გინდა, რომ ის გექცეოდეს.
ამგვარი ცივილიზებული ურთიერთობა, მტრისთვის ლოყის მიშვერისგან განსხვავებით, შესაძლებელია. ამას გარდა, ცივილიზებულ ქვეყნებში წესიერება კანონით დაცულია, ის ფასდება და მომგებიანიცაა – ამის გამო ყველა ცდილობს თამაშის წესები დაიცვას.
ნაკლები ემოციები და მეტი რაციონალიზმი – მაღალფარდოვანი სიტყვებისა და ადვილად აალებადი, შესაბამისად, მალე ჩაქრობადი და აუცილებლივ სიძულვილში გარდამავალი ემოციური სიყვარულის დრო გავიდა. წარსულს ჩაბარდა მოუთოკავი გრძნობების ხანა და დადგა გონების საუკუნე. დღეს შვილებისადმი, მშობლებისადმი, ქალისადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულის საუკუნეა. საწინააღმდეგო სქესისადმი სექსუალური ლტოლვის და პირადი სიმპათიის ხანა.
ადამიანური ნაწილი იესო ქრისტეშიც კი თანამოაზრის არჩევაში შეცდა და იუდა დაიმეგობრა. ასე, მით უფრო, არც ჩვენ ვართ დაზღვეულნი ამგვარი შეცდომებისგან. დრო გადის და როდესაც საერთო ინტერესები ქრება, მეგობრობაც ნელდება. ასე რომ ,,ტრუსიკებიდან“ სამუდამო ძმაბიჭობის ეპოქაც დასრულდა – დღეს ინეტერესთა თანხვედრაა მეგობრობის წარმართველი ძალა. ძველი სავალდებულო და მობეზრებული ძმაკაცობა, ხელოვნური მეგობრობა კვდება. მხოლოდ ინტერესთა თანხვედრა ასაზრდოებს ურთიერთობებს, ქალის სიყვარულს კი სექსი, სიმპათია და იგივე საერთო მისწრაფებები.
სიყვარული რაციონალური ხდება – ადამიანი იმასთან ატარებს დღეს, ვინც მას აინტერესებს, მასთან ყოფნა სიამოვნებს და არა ,,კანონით“ დადგენილ ბავშვობის ძმაკაც-დაქალებთან. ერთი სიტყვით, ძმაბიჭებისა და დაქალების, კლანური ინტერესებით განპირობებული დამოკიდებულის ხანა წარსულს ბარდება – კოლექტივიზმი კვდება!
და ბოლოს:
ივერია მაშინ გაბრწყინდება, როდესაც უცხო ადამიანის არ შეგვეშინდება, დაგვაინტერესებს კიდეც მისი აზრი – ანუ გარეშე პირს თანატოლად, საკუთარი თავის ღირსად მივიჩნევთ, ხოლო მისი ,,მეს“ გამოკვლევა ახლის მომტანი იქნება ჩვენთვის. ამიტომ, საქართველო მაშინ გახდება მაგარი ქვეყანა, როდესაც ავტოსტოპით შეძლებ თუნდაც თბილისიდან ქუთაისში ჩახვიდე და გზაში ნებისმიერ თემაზე ისაუბრო.
აღსარება:
ღმერთო, ჩვენ სიძულვილით გვაქვს გული სავსე. ყოვლისმომცველი სიყვარული, რომელსაც ქართველები სუფრაზე ვქადაგებთ, ჩვეულებრივი, მდაბიო გონებისთვის განკუთვნილი სატყუარაა. ჩვენ შურითა და მომხვეჭელობით ვსაზრდოობთ; ჩვენი მორალია – ფარისევლობა; ჩვენ უვიცობითა და წარმოსახვითი უპირატესობის ყალბი მითებით ვხელმძღვანელობთ; ჩვენ ვერ ვიტანთ განსხვავებულ აზრს და მზად ვართ ერთამეთი დავჭამოთ – ერთი სიტყვით, ვაღიარებთ, ქართული ნაციონალური უბედურების ტრიადა ასეთია – შური, ფარისევლობა და უვიცობა.
მამაო ჩვენო, ახლა რაც შემეხება პირადად მე. ჩემი ადამიანებისადმი გრძნობები ძირითადად მერყეობს ნეიტრალურიდან სიძულვილამდე, იშვიათად – სიყვარულსა და სიბრალულს შორის.
მე ადამაინებზე არ ვგიჟდები, თუმცა, სამაგიეროდ, ვცდილობ არასოდეს გავუკეთო მათ გოთვერნობა და არავისი, რაოდენ წარმატებული და მდიდარიც არ უნდა იყოს ის, არ მშურს. ჩემთვის, ეს უკვე მიღწევაა და პიროვნული თავისუფლების გარკვეულ ხარისხზე მეტყველებს, რადგან სწორედ ყოველდღიურ ცხოვრებასთან მიჯაჭვულობისა და ზედმეტი მიწიერების გამო არიან ადამიანები ასეთი შურიანები.
გაგიჟებით სიყვარული უკვე ფანატიზმია. მე ვირჩევ კულტურას, ურთიერთ პატივისცემას, კეთილგანწყობასა და ღიმილს. სიძულვილისგან გადაბრეცილი სახეების მაგიერ, სწორედ ღიმილშია ჩვენი ხსნა! მხოლოდ გაღიმება გადაარჩენს საქართველოს!
ზურა ოდილავაძე. 2013 წელი, მარტი.