ნიუ-იორკის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო კოლეჯის დოცენტი კლაუდია გრავეკამპი ამტკიცებს, რომ სტერილური გარემო ადამიანისთვის დამღუპველია, მიკრობები კი ჩვენი მეგობრები არიან და მათ გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა სჭირდებათ, როგორც თვალის ჩინს…
დოცენტი კლაუდია გრავეკამპი: „ადამიანი სტერილური არსება მხოლოდ დაბადებამდეა. ანუ სტერილურია ნაყოფი. მიკრობებს, ბაქტებრიებს ის დაბადებისთანავე იღებს გარემოსგან და დედისგან, რომელიც მას კვებავს. უკვე ოთხი წლის ასაკში ადამიანის ორგანიზმში ყალიბდება მიკრობების ის სამყარო, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში თან ახლავს. ესაა მიკრობებისგან შემდგარი სამყარო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, განვითარებისა და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის. ადამიანი, ისევე როგორც ცხოველი, სიმბიოზური არსებაა. ის თანაცხოვრობს მიკრობებთან, ბაქტერიებთან ერთად, რომლებიც უამრავია როგორც მის ორგანიზმში, ასევე მის გარეთაც – კანზე, სხეულსა და ატმოსფეროში. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ადამიანის ორგანიზმში არსებული მიკრობები, ბაქტერიები ათჯერ სჭარბობს ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს. ეს უჯრედები ჩვენში მილიონობითაა, ხოლო მიკრობები და ბაქტერიები კი – ათეული მილიონობით. შთამბეჭდავი ფაქტია, ხომ?
ჩვენს ორგანიზმში განთავსებულ მიკრობებს, ბაქტერიებს ადამიანისთვის რამდენიმე სასიცოცხლო ფუნქცია აკისრიათ. ისინი გვათბობენ, ანუ ჩვენი სხეულის მეხუთედ სითბოს ეს მიკროორგანიზმები გვანიჭებენ და სხეულს საჭირო ტემპერატურას უნარჩუნებენ, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია. ისინი გვკვებავენ, ანუ მონელებაში გვეხმარებიან – როდესაც ადამიანი საკვებს იღებს, ყველაფერს მისი ორგანიზმი პირდაპირ ვერ ითვისებს, თუნდაც, პომიდვრისა და კიტრის კანებს და ასე შემდეგ. ასეთ დროს დასახმარებლად მოდიან მიკრობები, ბაქტერიები და ისინი ითვისებენ აუთვისებელ საკვებს, ამასთან, თავადაც იკვებებიან და ესაა ორგანიზმის ბიოლოგიური ბალანსი. ისინი გვიცავენ – ორგანიზმში არსებობს ერთგვარი დამცავი ფარი, რომელიც ამ მიკროორგანიზმებისგან შედგება და მათ ბიფიდობაქტერიებს უწოდებენ. ესაა მიკროორგანიზმები, რომლებიც ხელს უშლიან ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის განვითარებას და სპობენ მას, ანუ, ბიფიდობაქტერიები, ფაქტობრივად, იცავენ ჩვენს ორგანიზმს და ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან.
ბაქტერიებს ადამიანებზე ხანგრძლივი ევოლუციის გამოცდილება აქვთ, რაც მილიონობით წელი გრძელდებოდა. კანონზომიერია, რომ ამ მიკროორგანიზმებმა ადამიანის სხეულში დაიმკვიდრეს ადგილი და მასთან სიმბიოზურ წონასწორობაში არიან. თუმცა, ამ ბუნებრივ თანაცხოვრებას – სიმბიოზს მაშინ მიადგა დიდი დარტყმა, როდესაც ანტიბიოტიკები გამოიგონეს. მაშინ, ასი წლის წინ, ანტიბიოტიკები პანაცეად მიიჩნიეს, რომელიც ადამიანს ყველა ავადმყოფობისგან, განსაკუთრებით ინფექციებისგან, განკურნავდა და მწარედ შეცდნენ… ანტიობიოტიკებმა ძალიან მცირე ხანს იმუშავეს და მთიდან წამოსული ზვავივით კაცობრიობას უკუეფექტით დაუბრუნდნენ. ანტიბიოტიკების მიღება ადამიანს, ფაქტობრივად, სტერილურს ხდის და მისი ორგანიზმიდან აძევებს როგორც დაავადების გამომწვევ, ასევე უკვე ადაპტირებულ მიკროორგანიზმებს. ანუ მთლიანად წმენდს მათ. მიკრობებს, ბაქტერიებს კი უნიკალური თვისება აქვთ – ისინი იმუნიტეტს გამოიმუშავებენ ანტიბიოტიკების წინააღმდეგ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ორგანიზმს წამალი აღარ შველის და ახალ, ადაპტირებულ და ორგანიზმში შეღწეულ მიკრობებსა და ბაქტერიებს იქ „პარადი“ აქვთ, ვითარდებიან, კიდევ უფრო ანგრევენ ისედაც ანტიბიოტიკებისგან განადგურებულ იმუნოსისტემას და ყოველივე ეს, ერთობლიობაში, ლეტალურ შედეგს იწვევს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ არ შეიძლება ადამიანის ორგანიზმში აბსოლუტური სტერილურობის შენარჩუნება. იქ აუცილებლად უნდა სახლობდნენ მიკრობები, ბაქტერიები. ამიტომ ჯობს, მათთან ვიმეგრობროთ, ვიდრე ანტიბიოტიკები დავუპირისპიროთ, რაც ჩვენ გამარჯვებას არ მოგვიტანს. დამტკიცებული ფაქტია, რომ ყველაზე ჯანმრთელი და ძლიერი ორგანიზმი იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ბუნების წიაღში ცხოვრობს, ადაპტირებულია გარემოსთან, ვინც გადაჭარბებული დოზებით არ იღებს სადეზინფექციო და საწმენდ საშუალებებს. მე არ მოვუწოდებ ადამიანებს, ხელები საპნით არ დაიბანოთ-მეთქი, მაგრამ სადეზინფექციო, ანტისეპტიკური საშუალებების უადგილოდ ან გადაჭარბებული დოზით გამოყენება ანადგურებს ჩვენს სხეულზე არსებულ მიკრობებს, რომლებიც დამცავ ფუნქციას ასრულებენ და ამან შესაძლოა, კანისა თუ სხვა დაავადებების მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს… საინტერესო შედეგები მივიღეთ ხანტი-მანსებისა (ისინი, ძირითადად, მეირმეობით არიან დაკავებულები და ტაიგაში ცხოვრობენ) და ზოგიერთი მთიანი რეგიონის მცხოვრებთა გამოკვლევებისგან. ისინი სუფთა, ეკოლოგიურ საკვებს იღებენ და ხანგრძლივად ცოცხლობენ. მათ ორგანიზმებში აღმოჩნდა ისეთი ბაქტერიები და მიკრობები, რომლებიც დიდი ქალაქების მცხოვრებლებს საერთოდ არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ამ ცოცხალი ნიმუშის (ბაქტერიის) მეშვეობით ვმუშაობთ ისეთი პრეპარატის შექმნაზე, რომელიც ასეთივე თვისებებს გამოუმუშავებს დიდი ქალაქების მცხოვრებლებსაც. ჩვენ მიერ ნაწლავის ჩხირის გამოკვლევისას გავაკეთეთ ფანტასტიკური აღმოჩენა. ამ ბაქტერიას, თურმე, აქვს თვისება, რომ ორგანიზმში შეშვებისას ეძებს კიბოს მეტასტაზებს, ანადგურებს (ჭამს) მას და ამ დაავადებას ამარცხებს… მღრღნელებზე ჩატარებული ცდები წარმატებით დამთავრდა, იმედი გვაქვს, რომ ის ადამიანსაც გამოაჯანმრთელებს. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იმეგობრეთ მიკრობებთან და ნუ გეშინიათ მათი!“
“თბილისელები”