„სათვალის გარეშე ვკერავ“ – 78 წლის ზუგდიდელი დიზაინერი „კოკო შანელი“

78 წლის სტილისტ-დიზაინერი კოკო (მარგო) გარუჩავა დილას საკუთარ 12 კვ.მ სამკერვალოში შვილიშვილთან ერთად ყავით იწყებს. სალომე ბებიას მარჯვენა ხელია, ის იღებს შეკვეთებს.

„52 წელია ამ საქმეს ვემსახურები… მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა. ვიცი კლიენტს როგორ მივუდგე და ამიტომაც ჩემთან ყველა კატეგორიას უხარია ურთიერთობა”, – გვეუბნება ის.

სახელი კოკო ბებიამ დაარქვა და მას შემდეგ ყველა კოკოს ეძახის.

„ეს 60 წლის საკერავი მანქანაა, ჩემი ერთგული მეგობარი. ფართი უფასოდ ნათესავმა დამითმო, მხოლოდ ზამთარში ვიხდი გათბობის საფასურს. არც პანდემიის პერიოდში არ გავჩერებულვარ, მთელ უბანს პირბადეები შევუკერე… სახლში რომ დავჯდე, გული გამისკდება. სულ მოძრაობაში ვარ, ფეხით დავდივარ და ამ ასაკის ქალს სიარული არ მიჭირს.

დავიბადე ლუგელას ხეობაში, მუხურში და გაკაჟებული ვარ, ვსვამ ლუგელას წყალს, მასში კალცია დიდი რაოდენობით და რაც ყველაზე მთავარია, სათვალის გარეშე ვკერავ. ამას კი ჩემით მივაღწიე, ბაბმას ვასველებდი და ისე ვიბანდი თვალებს და შედეგიც სახეზე”, – ამბობს იგი.

დიზაინერი კოკო ახლა ძირითადად კაბებს კერავს.

„რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ სტილს მთავაზობენ, მე ჩემსას ვთავაზობ, რომ ფერები იყოს შეხამებული და მის პატრონს მოუხდეს. მოდაა ის, რაც გიხდება, მთავარია ვულგარულად არ გამოიყურებოდე.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კარგად ვსწავლობდი, უმაღლესში ვერ გავაგრძელე სწავლა, თან ხაზვა და მათემატიკა მეხერხება, რამაც ჩემს პროფესიაში შემიწყო ხელი. კომუნისტობის დროს 45 პალტო შევკერე, ახლა პალტოს ვინღა იკერავს”,- გვიყვება სიცილით.

ასაკოვანი დიზაინერი პროფესიით ოჯახს არჩენს.

„მე ვარ ოჯახში ერთადერთი შემტანი. მეუღლე რვა წლის წინ გარდამეცვალა.ორი შვილი და ორი შვილიშვილი მყავს”,- თქვა მან.

სამკერვალოში ბებია და შვილიშვილი კლიენტების რაოდენობას არ უჩივიან, ზოგს კაბა აქვს გადასაკეთებელი, ზოგსაც სიგრძე მოსაკლები. კოკო ყველას გულისყურით უსმენს და რჩევებს აძლევს.

„მიხარია, როცა ამბობენ „კოკო შანელთან“ მივდივარო, არც ძვირ ფასს ვითხოვ, მესმის ხალხს დღეს როგორ უჭირს, ამიტომაც მადლიერი და ერთგული მომხმარებლები მყავს“.

ზუგდიდის ყველაზე უხუცესმა დიზაინერმა ისიც გაგვიმხილა, რომ დაძინებამდე ყოველთვის წიგნს კითხულობს. უყვარს მეგრული პოეზია და განსაკუთრებით ტერენტი გრანელი.

„ტვინი სულ უნდა ავარჯიშო, იშრომო და არასოდეს დაბერდები”, – ამბობს იგი. დიზაინერი შვილიშვილთან ერთად სამკერვალოს გაფართოებასაც გეგმავს.

“პრაიმტაიმი”