„არდაბრუნების წერტილის“ ორი მხარე – ზურა ოდილავაძე

ახლახან დავწერე, ბელადი მალე წავა-მეთქი…
დიახ, თუნდაც მხოლოდ ფარული ჩანაწერების თემამ ცხადად დამანახა – საქვეყნოდ გამოტანილი ერის მასხრად აგდება არ შეიძლება დასრულდეს არაფრით – აღშფოთების ენერგია ოდესღაც აუცილებლად ამოხეთქავს.

შთამომავლობითი ბანდიტიზმის ,,ქართული ვაჟკაცობით“ ახსნისთვის გამართული სატელევიზიო ცირკი, ქურდების გულისამრევი ქლესობა და მონობით ტრაბახის ,,მასტერ-კლასი“ – ასეთი რამ უკვალოდ არ ქრება, ილექება და ,,ბოლო წვეთად“ იქცევა!

კვანძი აუცილებლად გაიხსნება. მოვლენების სხვაგვარი განვითარება უბრალოდ, გამორიცხულია. მასების დუმილისა და სიზარმაცის „ნერვი“ მზარდ დაძაბულობასა და სიძულვილს, ბოლოს და ბოლოს, ვერ გაუძლებს და გაწყდება – ასეთია ისტორიული კანონზომიერება.
მოახლოებული დასასრულის დილემა კი შემდეგში მდგომარეობს: თუ ხელისუფალი დღესვე გონს არ მოეგება, გაყალბებული სინამდვილის ძირმაგარა სისხლითა და ჩირქით გასკდება… არავის ემახსოვრება, არც ,,კონკურენტულ“ გარემოში ჩატარებული არჩევნები და არც ,,სამართლიანად“ დაპატიმრებული ლიდერი – მატარებელი ქაოსისკენ გაქანდება. ასე რომ, დღეს მმართველი და მასთან ერთად ჩვენ, ,,არდაბრუნების წერტილს“ გავდივართ – აი, ამაშია საქმე!
დამნაშავენი მაინც ჩვენ ვართ. გვკითხეს და პასუხი არ გავეცით… ან არამკაფიოდ, ლუღლუღით ვუპასუხეთ… ხელმწიფემაც კანონი სანაგვეზე მოისროლა – ამის ფუფუნება კი ისევ ხალხმა ვუბოძეთ.
ივერიელებს გონი გაგვეყინა. ინფანტილიზმით დაავადებულებს, ერთი ოცნება გვაქვს აკვიატებული – მორიგი კერპის მიერ აღთქმულ მწვანე მდელოზე წამოწოლა და ცაში ყურება. ამიტომ კატეგორიულ უარს ვაცხადებთ იმ სინამდვილის აღიარებაზე, რომელშიც გვამთა გახრწნის სიმყრალე დგას. საბჭოური ბატონყმობის გააზრებას, ჩვენ მონათა მძორებს შორის ძილი ვამჯობინეთ…
სახელდების ტკივილი კი აუცილებელია, სხვაგვარად წარსულს ვერ დაძლევ!.. როგორც ეს, მაგალითისთვის, გერმანელებმა შეძლეს. წარსულის გააზრებისა და მაღალი ფასის გადახდის გარეშე, არ გექნება მომავალი! გარედან, მხოლოდ ძალდატანებით ეს ვერ მოხდება. სირცხვილმა უნდა დაგწვას, ტკივილმა არ უნდა დაგაძინოს – ამ ფიქრებისა და ცრემლისთვის კი უნდა მომწიფდე.
მსგავსი მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მართალია, შეცდომებით, გადამეტებით, მაგრამ მაინც მიდის რასობრივი დისკრიმინაციის გააზრების მეტად მტკივნეული პროცესი – თვალის გასწორება სიმართლისთვის.
წარსულზე თვალის დახუჭვა და დუმილი – არის გზა ტოტალიტარული რუსეთისკენ. ვაღიაროთ, ფასეულობებით ჩვენ დღესაც სტალინსა და ბერიას მივსტირით: „დიახ, მსხვერპლი დიდი იყო, მაგრამ… ომი! ეკონომიკა! ატომური ბომბი! წესრიგი!.. „შპროტი“ და ძეხვი?!“
ისტორია არ გახლავთ ციხის ზედამხედველი, ის უსულგულო დამკვირვებელია. გსურს, გულში ნაირ-ნაირ ბელადებს ძეგლი აუგო – შენი საქმეა, მაგრამ კიდევ ნახევარი საუკუნე იცხოვრებ მონობაში… აი, აქ კი ისევ ზემოხსნებულ „არდაბრუნების წერტილს“ მივადექით, ოღონდ ამჯერად, არა ხელმწიფის, არამედ ხალხის მხრიდან: სადგური ,,საბჭოური მონობიდან ,,ვერგამოსვლის წერტილი“ – ,,ფრთხილად, ვაგონის კარი იხურება!“
ჩვენ დღესაც მარადიული ჭეშმარიტებების შემოწმებით ვართ შეპყრობილნი. მიუხედავად ყოველმხივი დევნისა, მაინც არსებობენ წესიერი და ჭკვიანი ადამიანები, მაგრამ საჭესთან გოთვერნები და ბანდიტები დგანან – ასე არაფერი არ გამოვა, გამორიცხულია! ორს პლიუს ორი – იყო, არის და იქნება ოთხი!
P.S.
ადამიანი – არის გონება და სინდისი. ესე იგი ადამიანი არის მხოლოდ შესაძლებლობა, იყო გონიერი და ნამუსიანი – მხოლოდ შესაძლებლობა და მეტი არაფერი! ინტერნეტის ეპოქაშიც კი მასა ახერხებს, რომ სიბნელისა და სისაძაგლის გამარჯვების სჯეროდეს…
ზ.ო. – 2021, მარტი

ზურა ოდილავაძე