ახლა მომხმარებლების უფლებები იქნება გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის საფინანსო ორგანიზაციების პროდუქტების რეკლამაშიც.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოში 1 აპრილიდან ყველა საფინანსო ორგანიზაციამ კლიენტებს სრული ინფორმაცია თავიანთ პროდუქტებზე გასაგებ ენაზე ხელშეკრულების ხელმოწერამდე უნდა მიაწოდოს, ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“.
ახალი წესების მიხედვით, მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით შეთავაზებისას საფინანსო ორგანიზაციებმა კლიენტს სრული ინფორმაცია ზეპირად უნდა მიაწოდონ. ასევე ბანკები ვალდებულნი იქნებიან დაუყოვნებლივ ზეპირად განუმარტონ კლიენტს კრედიტის გაცემაზე უარის შესახებ, თუ ეს მისი საკრედიტო ისტორიით არის გამოწვეული.
გარდა ამისა, ის საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც არ წარმოადგენენ ბანკებს, ვალდებულები არიან გააფრთხილონ კლიენტები სახსრების განთავსებისას წარმოშობილი რისკების და მათ საქმიანობაზე კონტროლის განსხვავებული რეჟიმის შესახებ. ეს საფინანსო ორგანიზაციები ვალდებულები იქნებიან, ხელშეკრულების ხელმოწერამდე ინფორმაციის გასაცნობად კლიენტს დრო მისცენ და უპასუხონ ყველა მის კითხვაზე, მათ შორის სახსრების განთავსებისას წარმოშობილი შესაძლო რისკების თაობაზე.
საფინანსო ორგანიზაციების პროდუქტების დაზღვევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლიენტი ყველა პირობას გაეცნობა.
მომხმარებლების უფლებები იქნება გათვალისწინებული საფინანსო ორგანიზაციების პროდუქტების რეკლამაშიც. ახლა კრედიტების ან ანაბრების რეკლამირებისას სავალდებულო გახდება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთთან ერთად მისი განმსაზღვრელი რაიმე მაჩვენებლის მითითება (ლარის კურსი, რეფინანსირების განაკვეთი და ა.შ.).
დოკუმენტში ასევე მკაფიოდ უნდა მიეთითოს ინფორმაცია მოქმედი ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ფარგლებში, როგორც ათვისებული თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის, საკომისიოსა და ნებისმიერი სახის ჯარიმის/პირგასამტეხლოს, ასევე ასათვისებელი ლიმიტის მოცულობის შესახებ.
მაგალითად, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე წინსწრებით დაფარვის საკომისიო (პირგასამტეხლო) შეადგენს მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა. კრედიტისთვის, რომლის დასაფარად დარჩენილია 12-დან 24 თვემდე – არაუმეტეს 1%-ისა; ორ წელზე მეტი – არაუმეტეს 2%-სა.
გარდა ამისა, კრედიტის წინსწრებით ნაწილობრივ დაფარვის დროს, თუ იფარება კრედიტის საწყისი ძირითადი თანხის მინიმუმ 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით, ბანკი ვალდებული იქნება კლიენტს ახალი გრაფიკი შესთავაზოს. პირობების შეცვლა შეიძლება გამოიხატოს როგორც ყოველთვიური შენატანის შემცირებით, ისე დარჩენილი პერიოდის შემცირებით.