ქართველი მხატვარი ქალი თავის ნახატებს ქმნიდა ზეთითა და საღებავებით, სხვადასხვა ფერის ქვებით, ქვიშით, მინით, თიხის ჭურჭლის ნასხვრევებით…
მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმ „ელიკოს“, რომელიც თვითნასწავლ მხატვარს ელენე ლუხუტაშვილს ეძღვნება, მოსკოვში 17 მარტს აჩვენებენ, ნათქვამია რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის განცხადებაში.
ჩვენების ორგანიზატორები არიან პროექტი „კინომანია“ (Мания Кино) და რუსეთში ქართული დიასპორის კულტურის დეპარტამენტი Chveni Saunje. მაყურებელს ფილმს წარუდგენენ კინოს ექსპერტი გიორგი ნერსესოვი და რეჟისორი დენის ნერობეევი.
„სამყარო, რომელსაც ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვარი ელენე ლუხუტაშვილი ქმნის, კარდინალურად განსხვავდება იმ კაშკაშა ტურისტული სურათებისგან, რომელსაც საქართველოში ტურისტები მიეჩვივნენ. ამ თელაველი ბრძენი ქალის ყოფასა და ცხოვრებისეულ ფილოსოფიაში ჩაღრმავება ფილს განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კინოფილმის სპეციალური ჩვენება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მოსკოვის ეროვნებათა სახლში გაიმართება. მაყურებელმა სეანსზე დასასწრებად ონლაინ–რეგისტრაცია უნდა გაიაროს.
ელენე ლუხუტაშვილი 2019 წელს 91 წლისა გარდაიცვალა. ის თავის ნახატებს ქმნიდა ქვებისგან, ქვიშისგან, მინისგან, თიხის ჭურჭლის ნამსხვრევებისგან და კანფეტების შესაფუთი ქაღალდებისგან.
მისი ნახატების გმირები არიან საქართველოს მეფეები, ბიბლიური სიუჟეტები, ფრინველები და ცხოველები, ასევე შიშველი ქალები ბუნებაში.
1990-იან წლებში მხატვარი ორჯერ იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. მხატვარს თავის დროზე ძალიან სურდა ქალაქის ცენტრში კედლის მხატვრული გაფორმება, მასზე კახეთის ძველი და თანამედროვე ცხოვრების ასახვა, მაგრამ მისი იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა.
ელენე ლუხუტაშვილის სახლის სარდაფში მისი 500-მდე ნამუშევარი ინახება. ამ ნამუშევრებს არ ყიდდა, რადგან მიაჩნდა, რომ ისინი ქალაქ თელავის საკუთრებაა.
2016 წელს თბილისში ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკაში მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა.