საქართველოში 15 მარტიდან, კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება.
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარადგინა.
15 მარტიდან:
– მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო და ფიტნეს–ცენტრები;
– უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;
– განახლდება სასკოლო წრეების მუშაობა;
– თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებსა და ვარჯიშებს განაახლებენ, 1 აპრილიდან კი სრულყოფილად შეძლებენ საქმიანობას.
1 მარტიდან მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა, ბათუმის რესტორნებმა დაიწყეს შიდა სივრცეში მომხმარებლის მიღება (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება. სამთო კურორტებზე მუშაობა განაახლეს სასტუმროებმა, აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
საქართველოში 8 მარტიდან სამთო კურორტებზე მუშაობა განაახლეს საბაგიროებმა, ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა დაიწყეს მომხმარებლის შიდა სივრცეში მიღება (შაბათ-კვირის გარდა), აღდგა სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების მუშაობა უქმე დღეებშიც.
კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.
“სპუტნიკი”