პოლიტპატიმრები არ გვყავს, არჩევნები არ გაყალბებულა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა პოლიტპატიმრებისა და არჩევნების გაყალბების საკითხში, თუმცა იმედოვნებს, რომ შეთანხმების პროცესი ბოლომდე მივა.

“საკითხი რთულია. ბუნებრივია, განსხვავებული პოზიციები არსებობს. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, PVP გააყალბა ოპოზიციამ და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ეს ვერ დაამტკიცეს. აქ არის რადიკალური აზრთა სხვადასხვაობა და ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც.

ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, მაგრამ ჩვენ და საქართველოს საზოგადოებამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, მხოლოდ არიან კრიმინალები პოლიტიკაში. დანიელსონს რთული ამოცანა აქვს, თუმცა მე იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი შეთანხმებამდე მივა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მედიატორი არ დააყენებს არცერთ ისეთ საკითხს, რომელიც სამართლიანობას ეწინააღმდეგება. “ამაში ჩვენ ვართ დარწმუნებული, მათ შორის იმ დისკუსიებიდან გამომდინარე, რომელიც ამ დრომდე გაიმართა”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძისვე განცხადებით, პოლიტიკური კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება.


საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით განახლდა. 12 მარტს ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, დანიელსონმა განაცხადა ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივების შესახებ. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება, რათა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ.

 

“ნეტგაზეთი”