აქციები და პროტესტიც უინტერესო გახლავთ და არც ბერას სკანდალური ჩანაწერები შეცლის რამეს რადიკალურად. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენ ადამიანს გახსოვთ, რომ პარლამენტის წინ კარვებია გაშლილი და ზოგან ღომი იხარშება, ზოგან – ხაშლამა?!
განსაკუთრებით რეგიონებში არ იგრძნობა პოლიტიკური ტემპერატურა, რომელზეც გვეუბნებიან, რომ ლამის უმაღლეს ნიშნულზეა აწეული. რეგიონებში უბრალოდ შია ხალხს და იმას ფიქრობს, კუჭი რით დაამშვიდოს, თორემ მაძღარი სახეების ცქერა და მათი წუწუნი ყელშია ამოსული.
სამწუხაროდ, მოსახლეობის მთავარი საარსებო წყარო კვლავ პურია, რომლის ფასიც ხელისუფლებას კბილებით უჭირავს. სუბსიდირება 1-ლ აპრილამდე გაგრძელდება და თუ სახელმწიფომ ბიუჯეტში დამატებითი თანხები არ მოიძია, სწორედ 1-ლ აპრილს, პურის ფასი გაზრდილი იქნება. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ საქართველოს ხორბლის მარაგი კვლავ რუსეთიდან შემოაქვს, რუსეთმა კი ფასები გააძვირა.
ამ ყველაფერში საინტერესო იცით, რა გახლავთ? სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თვეზე მეტია გვიმტკიცებს, ხორბლის შემოტანის სხვა გზები ვიპოვეთ, მხოლოდ რუსეთზე აღარ ვართ ჩამოკიდებული და დამოკიდებულიო, მაგრამ 5 მარტს რუსეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ხორბლის ყველაზე დიდ იმპორტიორებს შორის, საქართველო მეოთხე ადგილზეა. ანუ, ჩვენი ქვეყანა თურქეთის, ეგვიპტისა და პაკისტანის შემდეგ, მეოთხეა, რომელიც ყველაზე დიდი ოდენობის ხორბალს ყიდულობს რუსეთიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი ჩანაცვლება არ მომხდარა და რუსეთმა ხორბალი კიდევ უფრო რომ გააძვიროს, მინიმუმ შემოდგომამდე სხვა გზა არ გვექნება და ისევ ჩრდილოელი მეზობლისგან უნდა ვიყიდოთ.
წესითა და რიგით, საგაზაფხულო სამუშაოები სრული სვლით უნდა მიდიოდეს, მაგრამ ისევ და ისევ პანდემიის გამო, მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად ფული აღარ დარჩა და მართალია, ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ წელს საქართველოში მიწის დამუშავების მასშტაბები რეკორდულად დაბალი იქნება. ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მოწეული მოსავალი, სიმცირის გამო, ძვირი ეღირება და ისევ აზიის ქვეყნებიდან შემოტანილ, შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული პროდუქტის იმედად ვიქნებით.
„ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვთქვათ, რომ ბიზნეს ბაზრიდან უჩა მამაცაშვილის და შესაბამისად, მისი გუნდის გასვლის შემდეგ, კონკრეტული მიმართულებებით მონოპოლიები მოისპო. თუმცა, თავი იჩინა სერიოზულმა პრობლემებმაც, რომლებიც აქამდე თითქოს შეუმჩნეველი იყო. მაგალითად, საქართველოში ერთი ტონა ჯართის ფასი ათას ლარს გადასცდა, ანუ კილო ჯართი ლარზე მეტი ღირს. საქართველომ ჯართის მარაგი ამოწურა და ადგილობრივი წარმოება ახლა მთლიანად იმპორტირებულ ჯართზე გადავიდა. ჯართის გაძვირებამ კვლავ გააჩინა საკანალიზაციო ჭების თავსახურების მოპარვის პრობლემა. დედაქალაქში უკვე რამდენიმე ათეული ასეთი ფაქტი მოხდა, რეგიონებშიც არ არის უკეთესი მდგომარეობა. მოსახლეობას შია და ვერ გაამტყუნებ, მაგრამ შემოტანილი ჯართი იმას ნიშნავს, რომ გაძვირდება არმატურა და სხვა სამშენებლო მასალა, რაც გააძვირებს მშენებლობას და ეს სექტორი ძალზედ დაზარალდება.
ლამის ბოლომდე განადგურებულია სოფლის მეურნეობა, ეკონომიკაში ძვრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჰესების მშენებლობას, თუნდაც კაბალური პირობებით, დაიწყებენ. დღეისათვის ხელისუფლებას ჰესები ელექტროენერგიისთვის კი არა, ეკონომიკისთვის მაშველ რგოლად სჭირდება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, დასაქმებული ადამიანები, ეკონომიკას ხერხემალში არ გადაამტვრევს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ყველაფერი მძიმედ დაგვარტყამს, მაგრამ გრძელვადიანს არავინ ჩივის, ახლაა გადასარჩენი ცალკე ქვეყანა და ცალკე ძალაუფლება“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
და ერთიც – დაპირებული ვაქცინების შემოტანა რომ დაგვიანდა, მიზეზად მწარმოებელთა უპასუხისმგებლობა სახელდება, მაგრამ რეალურად საქმე ფულს ეხება – ვინც მეტს იხდის, ვაქცინაც იმათთან მიაქვთ. საქართველომ მეტის გადახდა ან ვერ მოახერხა, ან არ ისურვა და მოლოდინი იმისა, რომ წლის ბოლომდე ყველა მოქალაქე აიცრება, ფუჭია. თანაც, ვაქცინაცია პანაცეა რომ არ არის, ისრაელის მაგალითზე დამტკიცდა.
ანი დვალიშვილი, ალია