მეცნიერების თქმით, აქამდე არსებული თერმომეტრები და ტემპერატურის გამოთვლის მეთოდები ვერ უზრუნველყოფდა მაღალ სიზუსტეს მოლეკულურ დონეზე.
ფინელმა და რუსმა მეცნიერებმა ზემგრძნობიარე მოლეკულური თერმომეტრი შექმნეს, რომელიც ექიმებს კიბოსთან ბრძოლაში დაეხმაარება. შესაბამისი მასალები გამოქვეყნებულია ჟურნალ Science Direct-ში.
მეცნიერების განმარტებით, სიმსივნეების მკურნალობის რიგი მეთოდები, მაგალითად ფოტოდინამიკური და ფოტოთერმიული თერაპიები, ტემპერატურის რეგულარულ და ზუსტ გაზომვას მოითხოვს ცალკეული მოლეკულების დონეზე. უკვე არსებული თერმომეტრებისა და თეორიული გამოთვლების მეშვეობით, გარდა იმისა, რომ არც ისე მოსახერხებელია, შეუძლებელიცაა მაღალი სიზუსტის უზრუნველყოფა. ამიტომ სწავლულებმა ისეთი ნივთიერებების სინთეზირება მოახდინეს, რომლებიც მოლეკულურ დონეზე ზეზუსტ თერმომეტრად მუშაობს.
„მოლეკულური თერმომეტრები არის ნივთიერებათა კლასი, რომელთა ოპტიკური მახასიათებლები ტემპერატურასთან ერთად იცვლება. ჩვენ ორი ასეთი ნივთიერების სინთეზი მოვახდინეთ და მათი ლუმინესცენციური თვისებები შევისწავლეთ. გახურებისას ფლუორესცენციის სპექტრი იცვლება — ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ტემპერატურის ცვლილება 0,1 გრადუსის დონეზეც კი დავაფიქსიროთ“, — ამბობენ მეცნიერები.
ამასთან განიმარტება, რომ სინთეზირებული ნივთიერებები წყალში ხსნად პორფირინების კარგად შესწავლილ კლასს განეკუთვნება და სხვა მოლეკულური თერმომეტრებისგან სინთეზისა და მოდიფიკაციის სიმარტივით გამოირჩევა.