მეფუტრკეები სახელმწიფოსგან სუბსიდირებას თხოვენ

საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაცია სახელმწიფოსგან ლაბორატორიული კვლევების დაფინანსების ნაწილში სუბსიდირებას ითხოვს.

 

 


როგორც ასოციაციის წევრები აცხადებენ, ევროკავშირის ბაზარზე გატანისთვის აუცილებელია სინჯები, რომლის საშუალო ღირებულება ერთეულის შემთხვევაში 3 300 ლარია, რაც დიდი ზომის თაფლის მწარმოებლებისთვისაც სერიოზული ფინანსური ხარჯია.

ასოციაციის წარმომადგენელის ალეკო პაპავას ინფორმაციით, ამ თემაზე სამინისტროსთან შეხვედრა 12 მარტს იყო ჩანიშნული თუმცა პანდემიის გამო გაუქმდა.

„საქართველოში ლაბორატორიის ჩაშვება ვერ მოხერხდა, რის გამოც ჩვენ იძულებულები ვართ, სინჯები გავაგზავნოთ გერმანიის ან საფრანგეთის ლაბორატორიებში. თითოეული სინჯი შიდა ბაზრისათვის მეფუტკრეს უჯდება 700 ლარამდე, ექსპორტისთვის კი 3 300 ლარზე მეტი, წარმოიდგინეთ რამდენი სინჯია და ეს თითოეული მეფუტკრისათვის რამხელა ხარჯია. სახელმწიფოს ვთხოვეთ ამ მხრივ დახმარება, დავიანგარიშეთ ამონაგებიც და გვითხრეს, რომ დაგვეხმარებოდნენ ნაწილობრივ მაინც, მაგრამ პანდემიურმა ვითარებამ ხელი შეგვიშალა, ახლა არაფერი არ ჩანს“, – განაცხადა პაპავამ.

მეთაფლეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 3 წლის – ასეულობით ტონა გაუყიდავი მარაგები არსებობს, რომლის რეალიზაციაც სერთიფიკატის არქონის გამო არ ხდება. იმ შემთხვევაში თუკი ერთობლივი ძალისხმევით მისი გატანა დროულად ვერ მოხერხდება, მწამროებლები დარგის შემცირებას დაიწყებენ, რაც ხარისხის გაფუჭებაში აისახება, შედეგად კი ბოლო წლების განმავლობაში მოპოვებულ კონკურენტუნარიანობას დაკარგავს.

„ასეულობით ტონა გაუყიდავი თაფლია ქვეყანაში დაგროვილი და ბუნებრივია, მეწარმეებს გვაქვს პრობლემები შემოსავლების მიმართულებით. იძულებულები ვართ ან შევამციროთ წარმოება, ან უარი ვთქვათ ამ დარგის მომავალში განვითარებაზე. მოგეხსენებათ, რომ გაუყიდავი პროდუქცია იწვევს ხარისხობრივი მაჩვენებლების შემცირებას. ასევე, ჩვენ ვერ ვისტუმრებთ დაგროვილ ვალებს, რომელიც გვაქვს დამხარეებისგან, თანამშრომლების ვალები გვაქვს, ამიტომ პირველი რაც უნდა გააკეთოს სამინისტრომ, ეს არის დახმარება იმაში, რომ შევძლოთ დროული რეალიზაცია“, – განაცხადა შპს მეთაფლია დამფუძნებელმა როლან ზირაქიშვილმა.

კომენტარისთვის BM.GE გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით. სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება, რის შემდეგაც გაირკევა, რა მიმართულებით დაეხმარება სახელმწიფო მეფუტკრეებს.

 

“ბი ემ.ჯი”