თელავის რაიონულმა სასამართლომ, ნარკოტიკების არერთგზის შეძენა- შენახვაში ბრალდებული, 32 წლის უჩა ზურაბაშვილი, გაამართლა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, მეტადონის პროგრამით მოსარგებლე, სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლით ბრალდებული პირის მიმართ, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
გამართლებული ახალგაზრდა მამაკაცის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმე, თითქმის ორ წელიწადს გრძელდებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეტადონის პროგრამით სარგებლობს. ის 2019 წელს, თელავში დააკავეს და მეტადონი აღმოუჩინეს. ჩვენ გვყავს მოწმეებიც, რომლებიც სასამართლოს წარვუდგინეთ და მათ ზურაბაშვილის უდანაშაულობა დაადასტურეს.ორი წელი ვიბრძოდით და სიმართლე დავამტკიცეთ. ახლა ველოდები, რომ მოსამართლე, საკუთარ გადაწყვეტილებაში, დეტალურად აღწერს იმ ხარვეზებს, რასაც ამდენ ხანს ვდაობდით. ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის გამამართლებელი განაჩენი, რადგან ადამიანს წესიერი ცხოვრება უნდა”- განაცხადა ბეგიაშვილმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებული ზურაბაშვილი, მეტადონის პროგრამით, თელავის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის საშუალებით სარგებლობს.
სახელმწიფო ბრალდება, გამართლებელ განაჩენზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა “პრაიმტაიმისათვის” ცნობილია, რომ პროკურატურა გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
წყარო: itv.ge