გარდაცვლილი ექთნის სამედიცინო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, ორშაბათს იქნება მზად. ამის შემდეგ „ასტრაზენეკას“ საგამოძიებო დოკუმენტები გადაეგზავნება – ამბობს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახტანგ ბარამაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
„მსოფლიოში არსად არ გარდაცვლილა ადამიანი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდგომ. „ასტრაზენეკამ“ უნდა გამოიკვლიოს, დაკავშირებული არის თუ არა მისი პროდუქტის მოხმარების შემდგომ ადამიანის გარდაცვალება, უშუალოდ ამ პროდუქტთან. კვლევის დაწყების შემდეგ, მათგან მივიღეთ წერილი, მოთხოვნა გარკვეულ დოკუმენტაციაზე, რომლითაც უკვე შეეძლებათ პრობლემების იდენტიფიცირება.
გამოძიების ვერსიები არ ვიცით, ისინი მხოლოდ და მხოლოდ აგროვებენ მტკიცებულებებს, რაც არის ბუღალტერიის შეგროვება – ხშირ შემთხვევაში გამოთხოვილ დოკუმენტებს არც კი ეცნობიან, რაც სამწუხაროა, რადგან თითოეული დოკუმენტი კვალის მანიშნებელია და ეს კვალი საჭიროებს გაყოლას და მეტ ჩაძიებას. გამოძიება რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ვერ გეტყვით, მე შემიძლია გითხრათ, რომ ძიება დიდწილად მიყვება ჩვენს შუამდგომლობებს და მოთხოვნებს და ამ ნაწილში შეიძლება იმის თქმა, რომ გამოძიება არაეფექტურია” – ამბობს ვახტანგ ბარამაშვილი.
2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.