„ენმ“-ს ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„კარტოფილისა და ვაქცინის გავრცელების ისტორია შეიძლება მსგავსი გახდეს და ეშველოს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ანტივაქცინურ განწყობილებას. ამაში დიდი როლი შეიძლება ითამაშოს ქართულ იცნებაში გამეფებულმა ნეპოტიზმმა. ირკვევა, რომ დეპუტატი სახელისუფლებო პარტიიდან (ამაღამაა სიუჟეტი, როგორც ანონსიდან შევიტყვეთ), ჯანდაცვის მინისტრს სთხოვდა მისი ახლობლებისათვის აცრის რიგგარეშედ გაკეთებას. როგორც კი ანტივაქსერები გაიგებენ, რომ ვიღაც პრივილეგირებულები ჩალიჩობენ ვაქცინის მოპოვებაზე, ჩათვლიან, რომ ეს მართლა კარგი რაღაცა ყოფილა და თავადაც მოინდომებენ ამ სიკეთით სარგებლობას.
საფრანგეთში კარტოფილის დანერგვის მახვილგინივრული ისტორია ყველასთვის ცნობილია. ერთი საუკუნის განმავლობაში უარს ამბობდა ევროპაში გლეხობა მის მოყვანაზე, როგორც “შხამიან” საჭმელზე. ვერც მმართველების მიერ გატარებულმა ძალდატანების პოლიტიკამ გაჭრა. მაგრამ გამოჩნდა საფრანგეთში ერთი ჭკვიანი და ეშმაკი აგრონომ-ფარმაცევტი, პარმანტიე, რომელმაც მეფე ლუდოვიკო მე-16-ესთან ერთად “ტრიუკი” გაითამაშა-მეფემ გამოუყო მიწა და მოსავლის დასაცავად გვარდია წაახმარა. ასე მკაცრად დასაცავმა ობიექტმა გლეხებში ინტერესი და ნდობა აღძრა. ღამით გვარდია შეგნებულად ჩახსნა მეფემ, რათა კარტოფილის ქურდებს ხელი არ შეშლოდათ მათ “შავბნელ” საქმეში. მოედო მოპარული კარტოფილი მთელ საფრანგეთს. მოგვიანებით ღვაწლმოსილ მანიპულატორს და პიარშიკს ძეგლი დაუდგა მადლიერმა შთამომავლობამ.
ოცნების დეპუტატიც იმსახურებს ძეგლს. სიკვდილის შემდეგ კი არა, ახლავე, თუ მარმარილოსი არა, კარტოფილის მაინც“.