მთავარი ჯილდო!
ასე ნახევარი წლის წინ, ერთმა ახალგაზრდამ მომწერა. ინტერნეტში ჩემი წერილი უნახავს: „გადააგდე ნარკოტიკი – კაიფი ფხიზლად ცხოვრებაშია!“ მასაც პრობლემა ჰქონდა…
ვუპასუხე, რაღაც რჩევები ჩამოვუწერე და ,,ქართველების ექვსი ვნებიდან“ ნაწყვეტი ჩავუგდე…
მწერდა, მეც ვარიგებდი. გუშინ კი ეს გზავნილი მივიღე:
„გამარჯობა, ბატონო ზურა, როგორ ბრძანდებით?.. მოკლედ, რაღაც მინდა გითხრათ… არ ვიცი, რამდენად გაინტერესებთ და რამდენად არა, მაგრამ მაინც ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეთქვა. პირველად რომ „დავსერჩე“ თქვენი ნაწერები და წავიკითხე, ამან ძალიან დიდი მოტივაცია მომცა და დღეს ნარკოლოგიურში ვწევარ… ვამთავრებ კურსს, ხვალ მეთორმეტე დღე მაქვს და ვამთავრებ ამ კურსს… და მე დავამარცხე ეს ყველაფერი და… რა ვიცი, ვაგდებ წამალს… და გადავაგდე წამალი და… ამაში თქვენი დამსახურებაც არის და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და წარმატებებს გისურვებთ მთელი თქვენი ცხოვრება… იმედია, არასოდეს დამჭირდება თქვენი რჩევა მსგავს რაღაცასთან დაკავშირებით. გაიხარეთ და მადლობა!“
შეიძლება ვინმემ ამაზე დიდი სიხარული მოგანიჭოს?
რომელი ლიტერატურული ჯილდო შეედრება ამ დიდ საჩუქარს?
გაცურე ოკეანეში, პატარა გემო, გაცურე, წინ დიდი გზაა, ღმერთი შენსკენ…
ზ.ო. – 2021, მარტი
ზურა ოდილავაძე