გასულ შაბათს გერმანიის ქალაქ ჰანოვერისა და მისი შემოგარენის მცხოვრები 600 ექიმი უნდა აცრილიყო “კოვიდის” საწინააღმდეგოდ, მაგრამ დათქმულ დროს მხოლოდ 200 მსურველი გამოცხადდა – “ჰანოვერის გაზეთზე” დაყრდნობით იუწყება ჩრდილოგერმანული ტელევიზია NDR.
მართალია, არმოსულ ექიმებს საბოლოო უარი არ უთქვამთ აცრებზე, თუმცა ეს ფაქტი ადგილობრივი ვაქცინაციის ცენტრში შეშფოთებას იწვევს: “ის, რომ ასაცრელად გაცხადებული [ექიმების] ორი მესამედი აცრაზე არ მოდის, შემაშფოთებელი ციფრი და შემაშინებელი სიგნალია” – განაცხადა “ჰანოვერის გაზეთთან” საუბარში ვაქცინაციის ცენტრის ფინანსურმა მენეჯერმა კორდულა დრაუცმა. მისი თქმით, ნორმალურია, როდესაც ჩაწერილთა დაახლოებით 10 პროცენტი არ მოდის ასაცრელად, მაგრამ არა ასეთი დიდი რაოდენობა.
ქვემო საქსონიის ექიმთა პალატის მონაცემებით, ადგილობრივი ექიმების აცრის დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია “ასტრა ზენეკას” ვაქცინისადმი უნდობლობით. ექიმთა პალატის პრეზიდენტი მონიკა ვენკერი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ აღნიშნული ვაქცინისაგან გართულებებს მოელოდნენ, თუმცა ამასობაში “ასტრა ზენეკამ” თავისი თავის “რეაბილიტირება” მოახდინა და ახლა “ნდობა ისევ უნდ აღდგეს”.