“მენშევიკური მთავრობა დათანხმდა აჭარა თურქეთს დარჩენოდა…”

ძალიან ცოტა ინფორმაციაა ქართულ წყაროებში ამ მნიშვნელოვან ფაქტზე _ მაგრამ ერთი კი ნათლად სჩანს – მენშევიკური მთავრობა დათანხმდა აჭარა თურქეთს დარჩენოდა.

ნოე ჟორდანიას ათათურქის პირადი წარმომადგენელი, ე.წ. “კავკასიის ფრონტის” სარდალი, ქიაზიმ ქარაბექირ-ფაშა დაუკავშირდა და გადასცა ოფიციალური ანკარის შეთავაზება: თურქული არმიის ნაწილები ქართველებთან ერთად დაუპირისპირდებოდნენ რუსებს; სანაცვლოდ, თბილისს თურქეთისთვის უნდა გადაეცა ართვინისა და არტაანის რაიონები, ბათუმის ნავსადგური და ამიერკავკასიის რკინიგზის ქსელის კონტროლის უფლება. ნოე ჟორდანიამ, რომელიც მიხვდა, რომ უკვე ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა და ფაქტობრივად, რუსსა და თურქს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი, წითლებს ისევ ქემალისტები ამჯობინა და ქარაბექირ-ფაშას წინადადებას დათანხმდა. 1921 წლის 23 თებერვალს, გვიან საღამოს, ქარაბექირ-ფაშასა და ნოე ჟორდანიას შორის სატელეფონო საუბარი განმეორებით შედგა. საფიქრებელია, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჟორდანიამ თბილისის დატოვება.
…1921 წელს ბათუმის სამხედრო კომენდანტი გენერალი გიორგი ფურცელაძე წერს: 21 წლის 19,20 თებერვლის ღამეს მიიღო მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის შტაბიდან დაშიფრული დეპეშა “ფრონტის შემოკლების მიზნით გამოიყვანეთ ჩვენი ჯარები არდაგანისა და ართვინის ოლქებიდან და დასწიეთ ბათუმისა და ახალციხის ოლქისკენ, ფოცხოვის რაიონი გვრჩება ჩვენ, დაიკავეთ ჯარებით ახალი საზღვარი მოსაზღვრე ქვეყანასთან, მიიღეთ ზომები ჩვენი ჯარების შეტაკების ასაცილებლად ოსმალებთან რომლებიც არდაგანისა და ართვინის ოლქებს დაიკავებენ.” 4,5 მარტს გრიგოლ გიორგაძემ ბათუმის სამხედრო კომენდანტს აცნობა; საქართველოს მთავრობა და თურქეთის ელჩი საქართველოში ქიაზიმ ბეი შეთანხმდნენ რომ თურქეთის ჯარები ბათუმის ოლქში შევიდოდნენ, თავს მოიყრიდნენ, დაეწყობოდნენ და შემდეგ ოზურგეთ-ახალციხეს მაზრებთან საზღვრების დასაცავად განლაგდებოდნენ… გენერალ მაზნიაშვილს მოსწრებულად უწერია, “ჩვენს მთავრობას და მთავარსარდალს თვალები მხოლოდ 17 მარტს აეხილა და მხოლოდ მაშინ დაინახეს ქიაზიმ ბეის ოინები”. 17 მარტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით აღენიშნა, ბათუმის ციხიდან სასწრაფოდ გათავისუფლებული სერგო ქავთარაძე ახალ ხელისუფლებას, ბათუმის ოლქის დროებით რევკომს ჩაუდგა სათავეში. რევკომი 17 მარტის 21 საათზე მიხეილის სიმაგრის შტაბის შენობაში განთავსდა და ქალაქის დაცვის ორგანიზებას შეუდგა, 24 საათზე რევკომს მოუვიდა ქიაზიმ ბეის ბრძანება რომლითაც ის ბათუმის ოლქს თურქეთთან შეერთებულად აცხადებდა და ქართულ ჯარს ოლქის საზღვრების დატოვების ან განიარაღებისათვის 24 საათიან ვადას აძლევდა. რევკომმა 18 მარტის დილას საქართველოს წითელი არმიის სარდლად და ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გიორგი მაზნიშვილი გამოაცხადა. დანარჩენი ქე იცით *

ქიაზიმ ქარაბექირ-ფაშას ჯარის ნაწილებმა, მოლაპარაკების თანახმად, გადაკვეთეს ართვინისა და არტაანის რაიონების საზღვრები და მოკლე ხანში, გასროლის გარეშე დაამყარეს მათზე კონტროლი.

ქართული სასაზღვრო ჯარი ქარაბექირ-ფაშამ განაიარაღა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქი ართვინი თურქების შემოსვლამდე დატოვა ათასობით ადგილობრივმა ქრისტიანმა – ძირითადად, ესენი იყვნენ გრიგორიანელი ქართველები და ართვინში მცხოვრები სომხები. მათი დიდი ნაწილი, ფოცხოვი-ახალქალაქი-ახალციხის გავლით, ფეხით გაემართა თბილისისკენ. თურქების მიერ დაკავებულ რაიონებში, ქარაბექირ-ფაშას ბრძანებით, ჯერ დე იურე შეიზღუდა საქართველოს იურისდიქცია, მერე კი საერთოდ გაუქმდა.
1921 წლის 5-9 მარტს, თურქული ჯარის ნაწილებმა დაიკავეს საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის დასახლებული პუნქტები: ლიმანი, მაკრიალი (დღეს ეწოდება ქემალფაშა), სარფი, კვარიათი, გონიო, ადლია და დაემუქრნენ ბათუმსაც, სადაც თბილისიდან დევნილი ხელისუფლება იმყოფებოდა. ბათუმშივე იყო ქართული არმიის ნაწილები, რომელთაც გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ის იგონებდა, რომ თურქ ასკერთა შემოსვლის წინა დღეებში, ბათუმის მოსახლეობაში პანიკა არ შეიმჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ჯარს არც ტყვია-წამალი ჰქონდა საკმარისი და არც ამუნიცია. მაზნიაშვილის აზრით, თვითონ თურქებიც, ბათუმის დაკავებას არ ჩქარობდნენ – თავდაპირველად, მათ მხოლოდ და მხოლოდ დელეგაცია გამოგზავნეს საქართველოს მთავრობასთან და ნოე ჟორდანიას რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვეს.
10 მარტს, საღამოს 7 საათზე, ბათუმის ქუჩებში თურქ ასკერთა პატრულიც გამოჩნდა. იმავე ღამით, ქიაზიმ ქარაბექირ-ფაშამ ჯარს ქალაქის დაკავება უბრძანა. თითქმის იმავდროულად, როდესაც ბათუმის ადმინისტრაციულ შენობებზე თურქული დროშები აღიმართა, ქალაქს ჩრდილოეთის მხრიდან წითელი არმიაც მოადგა. ნოე ჟორდანია მთავრობასთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა და უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ემიგრაციაში წასულიყო. გენერალი მაზნიაშვილი ჟორდანიას ამაოდ სთხოვდა თურქების გარეკვის ბრძანების გაცემას – მთავრობის თავმჯდომარე ძალზე უმწეოდ გამოიყურებოდა.

დავით ჩხარტიშვილი, პოლიტოლოგი; ბათუმი