მორალისტი მამრის, ცოლის დასწრებით, იქვე, ნაშების დაბმა…
კაცის ბოზობა სუფრასთან, მეუღლის უხერხული ღიმილი – დადგმა.
ხილის ვაზა, მანდარინის ქერქი ფერფლით, შამპანურის ბოთლი და იქვე ბროლის ბოკალი;
თეფშზე: საცივში ამოსვრილი ხელსახოცი, ხაჭაპურის ნაჭერი და ქათმის ჩაკბეჩილი ბარკალი;
კბილში გაჩხერილი გოზინაყი და აზელილი სამარხვო ტორტი –
– მაგიდაზე თანდათან ისახება სუფრული ნატურმორტი…
მამრების ბლუყუნი, მდედრების ,,მშიერი“ მზერა,
,,ქალბატონო ფინტიკოზას“ კეკლუცი ბგერა…
ხარხარი, კისკისი, ღრეობა, ჩამოწოლილი სევდა…
ყანწი და ლაყბობა – ,,ქართული აკადემიის“ წყევლა!
აქ მტერი სმაში მარცხდება, ქვეყანაც სუფრაზე შენდება,
ჩვენ ღვთისმშობელის ერი ვართ და ღმერთიც ჩვენში ვანდება.
დღე დღეს ცვლის, დილით თენდება, შემდეგ კი ისევ ღამდება,
ქართველი ღვინით ბრუვდება, მთვრალ ოცნებებში ბერდება…
კისრამდე ღიპების, მუცლამდე ღაბაბების ბარბაცით სახლამდე თრევა,
სადარბაზოში მიფსმის შვება და მადის მომგვრელი რწყევა…
მაცივრის გამოღება, ისევ ჭამა… დაგდება, ხროტინი – უძილო მეზობლების წყევლა…
…ისევ თრობა, ,,ზასაობა“ და ,,ვახტანგურად“ მუცელში სხმა…
ნუთუ არ გესმით ჩემი – უდაბნოსა შინა მღაღადებლისა ხმა?
გადის ცხოვრება ,,კაცური“, ძმაბიჭური და კოლექტიური…
აღარ შემიძლია, არ მინდა, აქედან უნდა გავიქცე – საავადმყოფოა ფსიქიატრიული!
ზ.ო. – ,,ოდა კოლექტივიზმს“, 2018 წელი
ზურა ოდილავაძე