სიმართლე ერთია და ის უნდა გაირკვეს – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაზე

“ზოგადად, ეპარქიაში დაძაბულობა შეინიშნება, რაც დაკავშირებულია იმ ცნობილ მოვლენებთან, რაც მეუფე პეტრეს ეპარქიის დატოვებით დასრულდა. იქ არიან ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად დიდხანს ცხოვრობდნენ და სჯერათ, თუ უნდათ, რომ დაიჯერონ ის პათოსი, რასაც მეუფე ამბობს. ამიტომ, გარკვეული წინააღმდეგობა აქვთ. სინოდის კრებიდან მალევე ჩვენ მოვისმინეთ წინასწარ დაანონსებული განცხადებები, რომ ეპარქიაში სიმშვიდე არ იქნებოდა”,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, რომ თავად ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმაც მოუწოდა ურჩობისკენ. შედეგი ის არის, რაც არის, თუმცა მმართველი მღვდელმთავარია და მას შეუძლია მიიღოს ზომები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, რაც საეკლესიო კანონით უფლებას მისცემს.

მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც. ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს, რომ სიმშვიდე იქნება, რადგან სიმართლე ერთია და ის უნდა გაირკვეს“ – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიმართ წლების მანძილზე დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ასეთი ცილისწამება მიუღებელია.

„პატრიარქის მიმართ წლების მანძილზე დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის. რა თქმა უნდა, ეს ცილისწამებაა და მიუღებელია ისეთი სახით რაღაცის მტკიცება, როცა საფუძველი არ არსებობს“ – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ, მარტვილში მრევლისა და ბერ-მონაზვნების ნაწილს, რომლებიც, მისი თქმით, ეკლესიაზე თავდასხმასა და ამბოხში მონაწილეობდნენ, ზიარება აუკრძალა იქამდე, ვიდრე არ მოინანიებენ.

წყარო: ptn.ge