არჩილ არველაძე: ამ ორმა თამაშმა განმიმტკიცა რწმენა, რომ… და რაც შეეხება სანიოლს, ცოტა მეტად უნდა დაუკვირდეს შეცვლებს!..

მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლი სულ ახალი დანიშნულია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, შვედეთსა და ესპანეთთან ჩატარებულმა მატჩებმა ნაყოფიერი მასალა მოგვცა განსჯისთვის.

საბერძნეთთან შეხვედრის შემდეგ “ლელო” აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის მიერ ჩატარებული სამივე შეხვედრის ამომწურავ ანალიზს, მანამდე კი მოვისმინოთ ქართველი სპეციალისტების ნააზრევი შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან გამართული მატჩების თაობაზე…

ვნახოთ, რას ფიქრობს განვლილ ორ მატჩზე არჩილ არველაძე…

– ამ ორმა თამაშმა განმიმტკიცა რწმენა, რომელიც ადრევე მქონდა და რომელიც ბევრისთვის ეჭვქვეშ დადგა ბოლო შეხვედრების შემდეგ. დიახ, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად შეუძლია, დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს თვით მსოფლიო ფეხბურთის გრანდებსაც კი!..

თუ მაინცდამაინც უარყოფითის დანახვა გვინდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერც შვედეთი და ვერც ესპანეთი ვერ წარსდგნენ ჩვენს წინაშე იმ ძალით, როგორსაც მათგან ველოდით, მაგრამ მოდი ასეც ვთქვათ – მათ ითამაშეს ისე, რისი საშუალებაც მისცა საქართველოს ნაკრებმა. არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი კარგი თამაში!..

კი, არ არის შედეგი, ორ თამაშში არ გვაქვს ქულა, მაგრამ ოპტიმისტურად როცა ხარ განწყობილი, გაცილებით იოლია დადებითი მომენტების დანახვა. თუ სტაბილურად ვითამაშებთ, თუ ასე გავაგრძელებთ, შედეგი აუცილებლად მოვა.

რაც შეეხება ვილი სანიოლს, ამ ეტაპზე გამიჭირდება შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება. ვარჯიშზე რომ ნახავ ფეხბურთელს მწვრთნელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად იცნობ მას. ყველა თამაშში ფრანგი სპეციალისტი ცდილობდა ყველანაირად, ახალი ფეხბურთელებისთვის მიეცა შანსი.

ჩემი აზრით, დებიუტანტებმა კარგად წარმოაჩინეს თავი და სამომავლოდ ისინი უთუოდ მოუტანენ სარგებლობას საქართველოს ნაკრებს. პირადად მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი გურამ გიორბელიძის თამაშით. ყველა რგოლში ასე თუ ისე ნორმალურად ვიყავით. ცოტა მეტი მინდოდა ბუდუ ზივზივაძისგან, მაგრამ მომავალში უკეთესად გამოუვა.

რაც შეეხება მწვრთნელს, ალბათ, ცოტა მეტად უნდა დაუკვირდეს შეცვლებს. ფაქტია, ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს თამაშის ხასიათზე. მთლიანობაში მე ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს მომავალი.