“ფორმულას” ეთერში თურქეთის ელჩმა იმდენი სისულელე იბოდიალა, ვიფიქრე, პასუხის ღირსიც არ არისთქო. მაგრამ არა, ელჩია, თან სრულუფლებიანი და თან ცოტა ზედმეტებში გადავიდა ქვეტექსტებით.
ნახეთ რას ამბობს: “– როცა ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვი აღმიძრა, რომ ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც მე ვიცნობ”
ან “როგორც ცნობილია, ჰესის ტერიტორიაზე, რიონის ხეობის მოსახლეობამ, რომლებიც იქ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, თავდაპირველად ჯვარი აღმართეს და ასე გააპროტესტეს თურქული კომპანია enka-ს მიერ მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება”
მოკლედ, როგორც ამბობს, მისთვის მოუღებელია პროტესტის ნიშნად რელიგიური სიმბოლოს გამოყენება…
და რას ელოდა ეს “გონებაგახსნილი” ქალბატონი, ნამგალს და უროს, ხუთქიმიან ვარსკვლავს თუ ნახევარმთავრეს პროტესტის სიმბოლიკად?…
ელჩი რომ ხარ და თავი კიტრი გგონია, იმდენი ტვინი მაინც უნდა გქონდეს, რომ რელიგიური დაპირისპირების მარცვალი არ გააღვივო, თემის უტრირება არ მოახდინო, ოდნავ მაინც გაეცნო იმ ხალხის წეს-ჩვეულებებს სადაც უსაქმურად დებისთვის ფულს გიხდიან. ისიც უნდა იცოდე, რომ შენ არავინ გკითხავს რა სიმბოლიკას გამოიყენებს ქართველი ხალხი პროტესტის ნიშნად და სად დადგამს ჯვარს!
ისე კი, ყოველი შემთხვევისთვის, ვეტყვი ამ ქალბატონს, რომ ქართველი ჯვარს საპროტესტო სიმბოლიკად კი არ იყენებს, არამედ… ის ჯვარს აღმართავს ჭირშიც და ლხინშიც, სამტროდ მისული და სამოყვროდაც! ქართველი ჯვარს გულზე ატარებს, სახლის შესასვლელ კართან გამოსახავს, , ჭადზე ხელით აჭდევს, მიცვალებულს გულში ჩაკრულს ატანს…
ჯვრის ნუ გეშინიათ ქალბატონო ელჩო! ჯვარი მშვიდობა და სიყვარულია! ჯვარი ჩემ სამშობლოს და შთამომავლობას იცავს!
დიახ, იცავს მტრისგან და დუშმანისგან, ბოროტებისგან და უწმინდურთაგან!
ნამდვილად არ მინდა დავიჯერო, რომ თქვენ ამან შეგაშფოთათ!
ხათუნა ხოფერია; სოციალური ქსელი