გუშინ, 28 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დაინტერესებამ მკვეთრად მოიმატა.
შეგახსენებთ, ქართველმა “ვუნდერკინდმა” თავი გოლითა და შესანიშნავი დრიბლინგებით გამოიჩინა.
კარგი მატჩის ჩატარების შემდეგ გერმანულმა პოპულარულმა საიტმა transfermarkt-მა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერების ვებ-გვერდია, 24 საათში ყველაზე ნახვად ფეხბურთლებს შორის მე-2 ადგილი ხვიჩა კვარაცხელიას მიანიჭა, თუმცა კვარაცხელია უკვე პირველ ადგილზე გადავიდა.
მეორე და მესამე ადგილებს ერლინგ ჰოლანი და კრიშტიანუ რონალდუ იკავებენ.
ვებ-გვერდი კვარაცხელიას 10 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ფეხბურთელების ფასები ბოლოს გასული წლის დეკემბერში განახლდა. სპორტული გამოცემები დიდი ხანია წერენ, რომ ხვიჩას შეძენა, რომელიც ამჟამად ყაზანის “რუბინში” თამაშობს, ტოპ კლასის ევროპული ლიგების კლუბებს სურთ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ესპანეთთან დამარცხდა. მატჩი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 1:2 დასრულდა.
თამაშის პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა კვარაცხელიამ გაიტანა. შემდეგ ესპანელებმა ანგარიში გაათანაბრეს, მატჩის ბოლო წუთებზე კი მასპინძლების კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. თამაშის შემდეგ სოციალურ ქსელში ესპანეთის ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდზე ფეხბურთის ესპანელი გულშემატკივრები ქართველი ფეხბურთელების მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებდნენ. მატჩს გამოეხმაურა ესპანური მედიაც.
როგორც “ელ მუნდომ” დაწერა: “საქართველო ისე იცავდა თავს, როგორც საბერძნეთი, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ, როდესაც ბურთს ჩაიგდებდნენ ხელში, რაც სულაც არ ხდებოდა იშვიათად, ძალიან სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. თითქმის ყოველთვის მარცხენა ფლანგზე კვარაცხელია იყო, 20 წლის ბიჭი, რომელიც რუსულ „რუბინში“ თამაშობს, მაგრამ მალე ევროპის რომელიმე დიდ კლუბში ვიხილავთ. ის აკეთებდა ყველაფერს, რაც სურდა, როგორც სურდა და როდესაც სურდა. ეს ბიჭი ნამდვილი სხივია, ყოველთვის მიკრული აქვს ბურთი ფეხზე, ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. ასე რომ, მთელი პირველი ტაიმი ესპანეთი ქართულ კედელს ეჯახებოდა და საკუთარ კართან ცუდ დღეში ვარდებოდა”.