პესკოვი: მოსკოვი ვაშინგტონს ძალის პოზიციიდან საუბრის უფლებას არ მისცემს

მოსკოვში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებთან დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა არა ძალის პოზიციიდან.

აშშ–ს არ გამოუვა რუსეთთან ძალის პოზიციიდან საუბარი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვი ამის უფლებას არავის არ მისცემს.

„ეს შეუძლებელია. ამერიკელები ახლა მანტრასავით იმეორებენ, ყველას ძალის პოზიციიდან დაველაპარაკებითო, მაგრამ არც პუტინი და რუსეთის ხელმძღვანელობის არცერთი სხვა წევრი არ მისცემს უფლებას ამერიკელებსა თუ სხვებს, ასე გველაპარაკნენ. ეს გამორიცხულია“, — აღნიშნა პესკოვმა ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტის თემის კომენტირებისას.

ამასთან პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად უთანხმოებებისა, მოსკოვში ვაშინგტონთან დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ამის მაგალითად პესკოვმა ვლადიმირ პუტინის რეაქცია მოიყვანა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ამასწინანდელ სიტყვებზე: 17 მარტს აშშ–ის ლიდერმა ABC News–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინი „პასუხს აგებს არჩევნებში ჩარევის გამო“ და ამასთან ირიბად მკვნენიც უწოდა რუსეთის პრეზიდენტს. ვლადიმირ პუტინმა კი ამაზე პასუხად ჯანმრთელობა უსურვა ბაიდენს და აღნიშნა, რომ „სხვა ადამიანების შეფასება იგივეა, რაც სარკეში ცქერა“.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას შესთავაზა, პირდაპირ ეთერში განაგრძონ დისკუსია უახლოეს მომავალში. ამას შტატების მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია.

„[პუტინის] რეაქციის არსი დიალოგის ინიციატივამდე დადის, რაც უპასუხიდ დარცა ამერიკელებისგან. ჩვენი აზრით, ახლა მთავარია, არ დავუშვათ ურთიერთობების კიდევ მეტად გაუარესება, რასაც ისედაც დიდი ზიანი მიადგა. ახლა ურთიერთობების რეანიმირებაა საჭირო. ამიტომაც საუბარი უნდა დავიწყოთ“, — მიაჩნია კრემლის წარმომადგენელს.

ამასთან პესკოვმა დაამატა, რომ „ამჟამინდელი უპრეცედენტო გამწვავების ფონზე“ საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, რაზე და როგორ საუბრობენ რეზიდენტები.

  • „მაგრამ აქ გადაწყვეტილებას მეორე მხარის მაგივრად ვერ მივიღებთ. ტანგოს ხომ ორნი ცეკვავენ“, — დაასკვნა მან.

რუსეთსა და აშშ–ს შორის ურთიერთობები ტრადიციულად დაძაბული ხასიათისაა, თუმცა ბოლოს ის 2014 წელს გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთა. 2016 წელს კი ვაშინგტონმა მოსკოვი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა, რაც რუსეთმა არაერთხელ უარყო. მიუხედავად ამისა, ამერიკელები რეგულარულად უწესებენ სანქციებს რუსეთის მოქალაქეებს, კომპანიებსა და ეკონომიკის მთელ სექტორებს. დაპირისპირების ახალი ტალღა ჯო ბაიდენის განცხადებას მოჰყვა, რის შემდეგაც მოსკოვმა ვაშინგტონიდან საკუთარი ელჩი ანატოლი ანტონოვი გამოიძახა კონსულტაციებზე.