14 სახელმწიფო კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ჯანმოს ანგარიშის გამო, შეშფოთებულია

აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, სამხრეთ კორეის, სლოვენიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები შეშფოთებას გამოხატავენ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის გამო.

ერთობლივ განცხადებაში 14 სახელმწიფო დამოუკიდებელი და სრულად გამჭვირვალე შეფასებების გაკათებასა და ყველა შესაბამის მონაცემზე წვდომას მოითხოვს.

„საერთო შეშფოთებას გამოვხატავთ ჯანმოს მიერ ჩინეთში ჩატარებულ ბოლოდროინდელ კვლევასთან დაკავშირებით. ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა სწრაფი, ეფექტური, გამჭვირვალე, მეცნიერებაზე დაფუძნებული და დამოუკიდებელი პროცესის წარმართვისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ კორონავირუსის წყაროს საერთაშორისო ექსპერტთა მიერ შესწავლა მნიშვნელოვნად შეფერხდა და მათ არ ჰქონდათ წვდომა სრულ მონაცემებსა და ნიმუშებზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

„ვირუსის ადამიანზე გადაცემა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე სავარაუდო ვერსია ის არის, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა“ – ნათქვამია ანგარიშში.

წყარო: bm.ge