„ხვიჩა კვარაცხელია, ქართული ფეხბურთის ახალი იმედია“, – აღნიშნული სათაურით, ცნობილმა იტალიურმა სპორტულმა ინტერნეტ გამოცემამ, Calciomercato-მ, საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
„კვარაცხელია არის გარემარბი, რომელსაც პრინციპში ორივე ფეხით შეუძლია კარგად თამაში. თუმცა მარცხენა ფლანგზე თამაში ურჩევნია, რადგან, ძირითადად მარჯვენა ფეხით ურტყამს. ქართველი ფიზიკურად შესანიშნავად არის მომზადებული და დაჯილდოვებულია არაჩვეულებრივი დრიბლინგისა და პასის უნარით. უფრო მეტად სამუშაო მას დაცვით ასპექტში, თამაშის გაუმჯობესებაზე აქვს. თუმცა ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი, ამ კუთხითაც, თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს, რაც ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა. მისი სატრანსფერო ფასი, დაახლოებით, 25 მილიონი ევროა და ამჟამინდელ კლუბთან, კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ხვიჩა კვარაცხელია, კახი კალაძის შემდეგ, რა თქმა უნდა ყველაზე საინტერესო ქართველი მოთამაშე და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ტალანტია“, – ვკითხულობთ სტატიაში.
აღნიშნული სტატია საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ გააზიარა.
„უცნობი თუმცა ძალიან ნიჭიერი ქართველი ტალანტი“, – ასე დაასათაურა, დი მარციომ პოსტი.
28 მარტს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 2-1 დამარცხდა.
„ჯვაროსნების“ მხრიდან საუკეთესოდ, 20 წლის ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. რომელმაც მატჩში, ქართველების ერთადერთი გოლი გაიტანა. გარდა გოლისა, კვარაცხელია შესანიშნავი დრიბლინგებითაც გამოირჩა და მატჩის შემდეგ, ესპანელთა დამრიგებლის ლუის ენრიკეს შექებაც დაიმსახურა. „ხვიჩა ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეა და თუ ასე გააგრძელებს, დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ“, – განაცხადა ესპანელთა თავკაცმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.