“დღეს დავრწმუნდი, რომ პოზნერის პროგნოზი სწორია – წარმოუდგენელია, აფხაზები და ოსები საქართველოს დაუბრუნდნენ!”- გ. რცხილაძე

დღეს დავრწმუნდი, რომ რუსი ჟურნალისტის, ლიბერალი ვლადიმირ პოზნერის პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კვლავ ხილვა საქართველოს შემადგენლობაში ურთულესი წარმოსადგენია, სავსებით სწორია.

ის ტრაგიკომედია, რაც 1-ლი აპრილის ადრე დილით ვიხილეთ, ამის საუკეთესო დასტურია. რა უნდა აკეთონ აფხაზებმა და ოსებმა ისეთ საქართველოში, რომელშიც სიტყვა ეთქმით რუსოფობებს, ვიღაც ტუტუცებს, დამნაშავე პოლიტიკური პარტიის წევრებს და მსგავს სამარცხვინო ტიპაჟებს?

აფხაზეთის და შიდა ქართლის რეინტეგრაცია საქართველოს შემადგენლობაში კიდევ უფრო წარმოუდგენელია, როდესაც საქართველოს ასეთი ხელისუფლება ჰყავს – მხდალი, უპრინციპო, უცხოელების ქვეშ გაწოლილი; ხელისუფლება, რომელიც რიგით, ნორმალურ ქართველებს დასდევს ჯარიმების ასაკრებად, სუნთქვის საშუალებას არ აძლევს “კომენდანტის საათით” და ათასი უაზრო არასამედიცინო სახის შეზღუდვით, ამ დროს კი ეშინია ამავე “კომენდანტის საათის” დამრღვევი, ქსენოფობური, ფაშისტური ლოზუნგებით გამოსული ერთი მუჭა ნაძირლების და ვერ ბედავს მათ დაკავებასა და გასამართლებას.

წარმოუდგენელია, რადგან საზოგადოება საქართველოში მთლიანად დათრგუნული, დემორალიზებული, ლუკმა-პურის შოვნაზე გადართული ან სულაც გაყიდულია, აზროვნების უნარი ინტელიგენციას წართმეული აქვს, პროტესტის გამოხატვაზე ხომ ზედმეტია საუბარი.

წარმოუდგენელია, რადგან ქვეყანას ბიძინიე დაეპატრონა, მას კი ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია – მთავარია, რომ თავისი წალკოტები მოიწყო თბილისის ბოტანიკურ ბაღში, შეკვეთილში, აბასთუმანში და მშობლიურ ჭორვილაში… “აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, ჩემმა მზემ, რომ ბიძინე ვარ”…

წარმოუდგენელია, რადგან აფხაზები და ოსები არ აჰყვებიან რუსოფობულ ფაშიზმს, არ გალანძღავენ რუს ერს და რუსულ სახელმწიფოს;

წარმოუდგენელია, რადგან დღევანდელი ტიპის საქართველო მათ შიმშილის, მათხოვრობის, თავის დამცირების, გარყვნილების, გადაგვარებისა და გადაჯიშების მეტს არაფერს სთავაზობს…

წარმოუდგენელია, დიახ, წარმოუდგენელია! ყველამ კარგად იცით ეს და ყველანი თვალთმაქცობთ, ასევე თვალთმაქცურად ელაქუცებით აფხაზებს და ოსებს (რა თქმა უნდა, შორიდან, თორემ ახლოს არ გიკარებენ!), რუსებთან დალაპარაკების კი გეშინიათ (არადა, რუსები გიკარებენ და მზად არიან, დაგელაპარაკონ, როგორც თანასწორ პარტნიორებს).

პოზნერმაც შეგაშინათ.

ვაი თქვენს პატრონს!

 

გულბაათ რცხილაძე