მიუხედავად იმისა, რომ პოზნერი თავის დაბადების დღეს თბილისში უკვე მესამედ აღნიშნავდა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.
პოპულარული რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი ჯერ განწყობილი არაა იმისთვის, რომ ისაუბროს თბილისში თავის ვიზიტზე, რომელიც საპროტესტო აქციის გამო დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
პოზნერის ვიზიტმა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. ოპოზიციის წევრები და აქტივისტები მოითხოვდნენ დაზუსტებას, ხომ არ დაარღვია პოზნერმა კანონი ოკუპაციის შესახებ. მათ ასევე მიუღებლად მიაჩნიათ პოზნერის ადრე გაკეთებული განცხადება აფხაზეთის შესახებ.
„არ მინდა გუშინდელზე მსჯელობა, ასე რომ, ჯერჯერობით მაინც, ამაზე არავისთან მილაპარაკია. ახლა ამ თემას არ განვიხილავ“, – განაცხადა პოზნერმა Sputnik–საქართველოსთან საუბრისას.
ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ ჩამოვიდა და დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება, მას თან 50–მდე მეგობარი და კოლეგა ახლდა. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა, ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.
მიუხედავად იმისა, რომ პოზნერისთვის ეს თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის უკვე მესამე შემთხვევაა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონიერად შემოვიდნენ.
აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქცია თავიდან რესტორან „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ჩაშალეს ვახშამი. მათ შრომის ინსპექციას აცნობეს იმის შესახებ, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს – 21:00 საათის შემდეგ 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია, ხოლო რესტორნებს ამ საათებში მუშაობა ეკრძალება.
„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის დერეფნის დახმარებით დატოვეს, საპროტესტო აქცია შემდეგ სასტუმრო Rooms Hotel–თან გაგრძელდა, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად გაჩერდა. აქტივისტებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს.
რესტორანი „ვინოტელი“ 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.
დღეს შსს–მ გაავრცლა ინფორმაცია, რომ 32 პირი, პოზნერის ჩათვლით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა.