არ მგონია რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებამ სტრატეგიულ მიმართულებაზე იმოქმედოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება, რომელიც გუშინ გავრცელდა, ევროსაბჭოს განწყობას არ ასახავს.

მისი შეფასებით, ეს განცხადება ვერ იმოქმედებს სტრატეგიულ ურთიერთობებზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

“გაუგებარია ამ ექვსი ევროპარლამენტარის პოზიცია, რადგან იმის ნაცვლად, რომ იმ თემებზე საუბრობდნენ, ეს ყველაფერი საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არა ევროპარლამენტის, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუ ევროკავშირს ექვსი დეპუტატი მიმართავს, შემდეგ ამას ევროკავშირი განიხილავს და სანქციებს დაუწესებს ქვეყანას.

ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. რასაკვირველია, ამაზე რაღაც სკანდალური შეკითხვები შეიძლება დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში ატყდა, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება – რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ, როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რაღაც სანქციები დაუწესოს ქვეყანას.

არ მგონია, რომ ექვსი პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის,”- აცხადებს გია ვოლსკი.

 

“რუსთავი2”